„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში 14 მოიჯარეს სახელმწიფომ მიწის ნაკვეთები საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გადასცა. ინფორმაციას ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიციირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვაა, წარმატებით გრძელდება.
"პროგრამის ფარგლებში 14 მოიჯარეს: მცხეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 14 ერთეული, ჯამურად - 43.245 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.
უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 1 296 164 ლარს შეადგენს, ხოლო დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ჯამურად 972 125 ლარად (საბაზრო ფასის 75%) საკუთრებაში გადაეცემათ. გადაწყვეტილება 1 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ვრცელდება, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები და მოიჯარეეებს აძლევს აღნიშნული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესაძლებლობას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.
2020 წლიდან დღემდე პროგრამით 274 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 337 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 26,905,363 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.




























