განათლების სპეციალისტის რევაზ აფხაზავას შეფასებით, სახელმწიფომ, ფაქტობრივად, აიძულა უნივერსიტეტები, რომ სტუდენტებს დავალიანება გაუნულონ.
ამის შესახებ მან BMG-ის პრემიერის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომელიც ფინანსური დავალიანების მიზეზით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებას გულისხმობს. პრემიერის ინფორმაციით, საუბარი იყო 30 000-მდე სტუდენტზე, რომელთაც 40 მლნ ლარის დავალიანება აქვთ.
როგორც მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი, პრემიერის დავალებით, დავალიანების განულების მისია განათლების და მეცნიერების სამინისტრომ იმ უნივერსიტეტებს დააკისრა, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ. უფრო კონკრეტულად, კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფომ დაგროვილი დავალიანების „ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურების“ (20%) გადახდა შესთავაზა, დანარჩენ დავალიანებაზე კი, უარი უნდა თქვან. სამინისტროს შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.
რევაზ აფხაზავას თქმით, დიდი ალბათობით, არც უნივერსიტეტებს ჰქონდათ იმის ილუზია, რომ ამ დავალიანებას ამოიღებდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფომ აიძულა ისინი უარი ეთქვათ იმ თანხაზე, რაც სტუდენტებს მართებთ და რომლის ამოღებაც თეორიულად შესაძლებელი იყო.
„სახელმწიფომ უთხრა კერძო უნივერსიტეტებს, რომ მთელი დავალიანების 20%-ს გადაგიხდით და დანარჩენ გრაფაში ნული ჩაწერეთო; რეალურად ეს უნივერსიტეტების იძულებაა, მით უმეტეს როცა მხოლოდ 20%-ის გადახდას აპირებენ და ღმერთმა უწყის, იმ 20%-საც როგორ ანგარიშობენ. როგორც ვნახეთ, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არ დათანხმდნენ ამ შეთავაზებას“, - აღნიშნა მან.
ჯერჯერობით, უცნობია, სულ რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს 40 მლნ ლარის დავალიანების უნივერსიტეტისგან „გამოსყიდვა“ და ამ გზით სტუდენტების დავალიანების განულება.
"მავნებლური პოპულიზმი“ - რევაზ აფხაზავა 30 000-მდე სტუდენტისთვის დავალიანების განულებაზე