მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები სწრაფად უნდა გადმოიბაროს - კობახიძე

434

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გადმობარება. მან ამის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მომავალ კვირაში უნდა იყოს მიღებული.

"მანამდე, რამდენიმე დღე გვაქვს და შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვადებთან დაკავშირებით, მანამდე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. მიდგომა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს გადმობარება, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ. რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს ეს ვადები, მთავარია ხარვეზები არ გაგვეპაროს, ამიტომ, ამ დღეების განმავლობაში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და მაქსიმალურად მჭიდრო ვადები განვსაზღვროთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილში პროცესი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე, ხოლო ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საჭირო იქნება მკაცრი კონტროლი აფთიაქებისა და რეცეპტების დონეზე.

„ჩანაცვლებით თერაპიას რაც შეეხება, მათ შორის, სახელმწიფო მომსახურების ნაწილში, მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურება მთლიანად იყოს ორიენტირებული განკურნებაზე, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ამ პროცესს და მაქსიმალურად მკაცრად გადავხედავთ პრაქტიკას. თუ არ არის პროცესი მაქსიმალურად ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე, ამ შემთხვევაში, პაციენტი უნდა გავიდეს მომსახურებიდან და ეს იქნება ძალიან მკაცრად უზრუნველყოფილი. ამის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის წამოღებას არანაირი ეფექტი არ ექნება.

რაც შეეხება ფსიქოტროპულებს, იმპორტის წამოღება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ იმიტომ, რომ მთავარი, ვისაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად, ხელოვნურად გაზარდოს რეალიზაცია, ეს არის სწორედ იმპორტიორი კომპანია. ამას გარდა, რჩება რისკები ფსიქოტროპული აფთიაქების დონეზე და რეცეპტების გამოწერის დროს ექიმების მიერ. აქ, რა თქმა უნდა, იმპორტის წამოღების მიღმა მკაცრი კონტროლი უნდა დამყარდეს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. სფერო არის ძალიან მოწყვლადი, რისკები სერიოზულია, მასშტაბით ბევრად ნაკლები არ არის რისკები ჩვეულებრივი ნარკოტიკების რეალიზაციასთან შედარებით, აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა, რათა ბოლომდე გავანეიტრალოთ პრობლემები ამ სფეროში“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები