სახელმწიფომ გიდებს რეგისტრაციისთვის გადახდილი 40 ლარი უკან უნდა დაუბრუნოს - ამის შესახებ BMG-სთან „ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი თეთრაძე აცხადებს.
მისი განმარტებით, 1 ივნისამდე გიდების სავალდებულო იყო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სპეციფიკური კოდით მიმდინარეობდა, რომლის საფასურიც 40 ლარი იყო, თუმცა, რეგისტრაციის ბოლო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ტურიზმის ადმინისტრაციამ წესი შეცვალა - რეგისტრაცია ნებაყოფლობითი და უფასო გახდა.
გიორგი თეთრაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ათასობით მოქალაქე, რომლებმაც სახელმწიფოს დაუჯერეს და კანონის მოთხოვნა პატიოსნად შეასრულეს, მოტყუებული დარჩა.
„გამოვიდა, რომ ის ხალხი, ვინც გადაიხადა 40 ლარი, მოტყუებული დარჩა. პირველი ივნისიდან იგივე პროცედურები ტარდება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ყოველგვარი საფასურის გარეშე. ჩვენი ორგანიზაციის მიდგომაა, რომ ეს თანხა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას. არ შეიძლება, ვიღაცას თანხა გადაახდევინო და იგივე მომსახურებაში სხვას - არა. აღმოჩნდა, რომ ვინც არ ეთანხმებოდა და თანხა არ გადაიხადა, ისინი გამოვიდნენ მართლები იმ ხალხის წინაშე, ვინც პატიოსნად მოიქცა და სახელმწიფოს დაუჯერა“ - აღნიშნავს თეთრაძე BMG-სთან.
მისივე განმარტებით, თავდაპირველი გეგმით, რეგისტრაციას სახელმწიფოსთვის სრული სურათი უნდა მიეცა, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული ტურიზმის სფეროში. თეთრაძე მიიჩნევს, რომ აღრიცხვიანობა თავისთავად სწორი და დროული ნაბიჯი იყო, თუმცა პროცესის ბოლო მომენტში ცვლილებამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა შელახა.
„ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება - დააბრუნოს ეს თანხა უკან. არ შეიძლება, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ნდობა უკარგავდე მოქალაქეს სახელმწიფოს თუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმართ,“ - აცხადებს გიორგი თეთრაძე.
ამ ეტაპზე, გიდების სავალდებულო რეგისტრაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. რეგისტრაციისთვის გიდებს ვადა 2027 წლამდე აქვთ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დაურეგისტრირებელი გიდები დაჯარიმდებიან.




























