მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სახელმწიფომ ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს” - მეორადი საბურავების რეალიზატორები 6-თვიან გარდამავალ პერიოდს ითხოვენ

ალექსი ნონიაძე

თბილისში მეორადი საბურავების რეალიზატორები აცხადებენ, რომ კრიზისულ ვითარებაში აღმოჩდნენ. 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის გამო, რომელმაც დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში მეორეული საბურავების პროდუქციის განთავსება აკრძალა, ასობით მცირე მეწარმე სუბიექტი დაჯარიმების საფრთხის წინაშეა, სარეალიზაციო ობიექტების უდიდესი ნაწილი კი პარალიზებულია.

„ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BMG-სთან განმარტავს, რომ სექტორში ათიათასობით ადამიანია დასაქმებული და პრობლემის ერთბაშად გადაჭრა ბიზნესს ანადგურებს. მისი თქმით, ასოციაცია საკრებულოს წერილობითი თხოვნით მიმართავს, რათა მეწარმეებს 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცეთ.

„ამ სფეროში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 26 000 ადამიანია დასაქმებული. აქედან ძალიან დიდი ნაწილი თბილისშია და საქმიანობს იჯარით აღებულ ფართებში. ეს ქმნის გარკვეულ გაუგებრობასა და პრობლემას აღსრულების ნაწილში, რადგან მეწარმეები პირდაპირ დამოკიდებული არიან ფართის მეპატრონეებზე,“ - აცხადებს ალექსი ნონიაძე BMG-სთან.

ნონიაძის განმარტებით, მეწარმეებს არ აქვთ საკმარისი ლოგისტიკური გამოცდილება და რესურსი, რომ ასეთი დიდი რაოდენობის პროდუქცია ქალაქგარეთ მოკლე ვადებში გადაიტანონ. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მოვაჭრეებს საქონლის გამოსატანად, ობიექტების გახსნის საშუალებაც არ ეძლევათ.

“იმისათვის, რომ ელემენტარულად, ეს საბურავები გამოიტანონ საწყობებიდან, ვალდებული არიან გახსნან მაღაზია. საკმარისია, დაინახოს მერიის შესაბამისმა სამსახურმა, რომ ობიექტი ღიაა, 2000-დან 5000 ლარამდე აჯარიმებენ” - აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, პრობლემის მხოლოდ აკრძალვით მოგვარება ეკოლოგიურ რისკებსაც ზრდის. მისი თქმით, თუ სახელმწიფომ მეწარმეებს კონკრეტული ადგილი და დრო არ მიუთითა, საბურავები შესაძლოა ქალაქის შემოგარენში უმართავად განთავსდეს, რაც გარემოს უფრო მეტად დააზიანებს.

„ჩვენი თხოვნაა საკრებულოს მიმართ, რომ გამოვიჩინოთ ჰუმანური აქტი და ბიზნესს კიდევ ექვსი თვე მივცეთ. ამ ვადაში მეწარმეები დაინახავენ, რომ სახელმწიფო სერიოზულად არის განწყობილი და შეძლებენ ქალაქგარეთ გადასვლას. თუ ამის შემდეგაც არ გამოსწორდა მდგომარეობა, მაშინ სახელმწიფოს ექნება როგორც სამართლებრივი, ისე მორალური უფლება, რომ მკაცრი სანქციები გამოიყენოს,“ - აცხადებს ნონიაძე.

ახალი რეგულაციით, 1 იანვრიდან, მეორეული საბურავების, ჯართისა და ავტონაწილების რეალიზაცია აიკრძალა საცხოვრებელ, რეკრეაციულ და სანიტარული დაცვის ზონებში. კანონის დარღვევა 2500-დან 30 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. რეალიზატორები იმედოვნებენ, რომ დედაქალაქის მთავრობა მათ მდგომარეობას გაითვალისწინებს და ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად გონივრულ ვადას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები