მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურძენი შეისყიდა, ვიდრე ყველა კერძო კომპანიამ ერთად - გიორგი სამანიშვილი

გიორგი სამანიშვილი

სახელმწიფოს მიერ ყურძნის სუბსიდირება დარგის განვითარებას ხელს უშლის და გადაყრილი ფულია - ამის შესახებ BMG-სთან მეღვინეობის დარგის მართვის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.

ის სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის შესყიდვისა და სუბსიდირების გაზრდილ მასშტაბებს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფოს ჩარევამ ბაზარზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც კერძო სექტორს განვითარების ნაცვლად, დამატებით ბარიერებს უქმნის.

მისი თქმით, გასულ წელს სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურძენი შეისყიდა, ვიდრე ყველა ღვინის კერძო კომპანიამ ერთად - ეს პროცესი წლებია გრძელდება, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა გამოვიდეს ბაზრიდან, მისი მონაწილეობა პირიქით, იზრდება.

„მე არ ვიცნობ მეღვინეობაში ადამიანს, მათ შორის არც ღვინის ეროვნულ სააგენტოში და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ვინც მიიჩნევს, რომ კარგია, როცა სახელმწიფო სუბსიდირებაში ხარჯავს ფულს. ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ეს არის გადაყრილი ფული, რომელიც დარგის განვითარებას კი არ ეხმარება, პირიქით, ხელს უშლის. ამ თანხის თუნდაც 10%-ის მარკეტინგზე მიმართვა გაცილებით ეფექტური იქნებოდა,“ - აცხადებს სამანიშვილი.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ბუნდოვანია, რას უშვრება სახელმწიფო შესყიდულ ყურძენსა და მისგან მიღებულ პროდუქციას. მისი თქმით, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს, რა ფასად ან რა პირობებით უნდა გაყიდოს სახელმწიფომ წარმოებული ღვინო თუ სპირტი.

„მთავარი პრობლემა ეს არის: სახელმწიფო ყიდულობს ყურძენს, შემდეგ ყიდის ღვინოს, ყიდის სპირტს, მაგრამ არ ვიცით რა ფასად ყიდის ან ვინ ხეირობს ამ პროცესით. ბოლო წელს, 200 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან. ანუ, გაცილებით მეტი, ვიდრე კერძო კომპანიები დებენ. წესები არ ვიცით და ის არ არის გამჭვირვალე,“ - აღნიშნავს სამანიშვილი.

მისივე აზრით, ყურძნის ძვირად შესყიდვა ხშირად პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება, რადგან „ხალხს უხარია, რომ სახელმწიფო ძვირად იბარებს ყურძენს და ამას წლების განმავლობაში კარგად ფუთავს“.

წელს, სახელმწიფო ყურძენს სამ საფასო კატეგორიაში ჩაიბარებს, რაც ხარისხობრივ დაყოფას გულისხმობს. სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სახელმწიფოსთვის ურთულესი ლოგისტიკური გამოწვევა იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ როგორი იქნება ხარისხის ობიექტური შემოწმება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, სუბსიდირების მთავარი მიზანია, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და მევენახეებმა კუთვნილი შემოსავალი მიიღონ.

"სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის და მისი მიზანი ღვინის წარმოება არ არის. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და მევენახეები პრობლემების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. სწორედ მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის და არა ღვინის დასამზადებლად, რთველის პერიოდში, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის“ - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები