„ზიარი ფერმის“ დამფუძნებელი ნუგზარ ქსოვრელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რთველისა და ყურძნის სუბსიდირების არსებული პრაქტიკა ანტიკონსტიტუციურია, თავისუფალ ბაზარს ამახინჯებს და უხარისხო ჭარბ წარმოებას ახალისებს.
მისი თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ ცალკეული რეგიონების მევენახეების დაფინანსება დისკრიმინაციულია და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს არღვევს.
„სუბსიდირება, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია, რომელსაც სერიოზული გადახედვა სჭირდება. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე, ერთნაირი უფლებები აქვს. როდესაც კახელი გლეხები 30 თეთრიდან ლარნახევრის ჩათვლით ფინანსდებიან, ან რაჭველი გლეხები 4 ლარის დამატებით და არ ფინანსდებიან ის მწარმოებლები ან გლეხები, რომლებიც მაგალითად, ცხოვრობენ იმერეთში და მარტო ყურძენი მოჰყავთ - ეს არაკონსტიტუციურია. არიან მწარმოებლები, რომლებიც იმერეთში, ქართლში ან გურიაში ან სამეგრელოში ცხოვრობენ და არანაირი სუბსიდია არ ეკუთვნით.
ჩვენი ბიუჯეტიდან, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი მიმართულებები, რომლითაც ერთ რეგიონს ეძლევა უპირატესობა მეორე რეგიონთან. ეს თავის თავში ანტიკონსტიტუციურობას ნიშნავს. ვიღაც იტყვის, რომ „მერე რა, ხომ ფინანსდება მაგალითად, ქართლში ვაშლი, აჭარაში ციტრუსები და ა.შ." მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ხომ საქართველოს მოქალაქეა? თუ სამხარეო მთავრობა არ აფინანსებს კონკრეტულ მიმართულებას, ცენტრალური ბიუჯეტი ყველას წინაშე ერთნაირად პასუხისმგებელია“ - აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი BMG-სთან.
მისივე თქმით, სუბსიდიებზე დახარჯული მილიონობით ლარი ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს აკლდება, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, ჯარი და პოლიცია.
„გლეხების მხრიდან არის აბსოლუტური ბულინგიც - ესეც უნდა ითქვას. მათ ჰგონიათ, რომ სახელმწიფო უნდა დარდობდეს ჩვენზე, უნდა გვაძლევდეს სუბსიდიას. თუმცა, ვინ არის სახელმწიფო? ჩინოვნიკი რატომ უნდა დარდობდეს, მაგალითად, ყურძნის ან ღვინის რომელიმე მწარმოებელზე? ან ღვინის მწარმოებელი რატომ უნდა დარდობდეს ყურძნის მწარმოებელზე? ეს ჩვეულებრივი ბიზნეს ურთიერთობებია, რომელიც დაფუძნებულია მოგებიანობაზე. თუ ეს თემა მოგებიანია, მაშინ სიცოცხლისუნარიანიცაა. თუ არ არის მოგებიანი, მაშინ ამაზე ტყუილია საუბარი. ან ფული საიდან უნდა მოიტანოს სახელმწიფომ? არ ფიქრობენ, რომ ეს ფული ვიღაცის ფული - ვიღაცის ჯანდაცვა, ვიღაცის ოპერაცია არ დააფინანსეს“ - აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.
საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის მიერ ჩაუბარებელ ყურძენს ფერმერებისგან წელსაც შეისყიდის, მაგრამ ფასი სამ კატეგორიად დაიყოფა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, შესასყიდ ფასებს, შაქრიანობის მიხედვით, სახელმწიფო განსაზღვრავს. ფასების დიფერენცირება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის პროცენტული მაჩვენებლით მოხდება.
“თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია; 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი”, - აცხადებენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ რთველის 2025-ის ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145 742 918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტის 241 მილიონი ლარი დახარჯა. რაც შეეხება, რთველი 2026 წლის სუბსიდირების პოტენციურ ბიუჯეტს, ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული რიცხვების დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია.




























