მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფომ სპირტის მარაგები წაგებით უნდა გაყიდოს, სუბსიდირება მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი არაა - გიორგი სამანიშვილი

გიორგი სამანიშვილი

ქართული სახელმწიფო სპირტი საერთაშორისო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია - ამის შესახებ BMG-სთან ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, მეღვინეობის დარგის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.

ბოლო წლებში სახელმწიფო ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავებას სრულად თავის თავზე იღებს. 2025 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 247 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ამ პროცესის შედეგად სახელმწიფო საწყობებში დაგროვილი პროდუქცია - განსაკუთრებით სპირტი რეალიზაციის პრობლემის წინაშე დგას.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობას მილიონობით ლიტრი სპირტის და ღვინის რეზერვები ეკუთვნის, რომლის გაყიდვასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარუმატებლად ცდილობს. 2026 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდა საერთო ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების 20 ერთეული აუქციონი, რომლითაც 10 მილიონი ლიტრი ახალგაზრდა საკონიაკე სპირტის რეალიზაცია იგეგმებოდა (ლიტრი 8 ლარად). თუმცა, 2026 წლის 23 თებერვალს ოცივე აუქციონი ჩავარდა, რის გამოც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფასი შეამცირა 72 მილიონ ლარამდე (ლიტრზე 7.2 ლარი) და განმეორებითი აუქციონი გამოაცხადა, მაგრამ 9 მარტს ხელახლა გამოცხადებული ოცივე აუქციონი ისევ ჩავარდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ფასი კიდევ ერთხელ, 64.8 მილიონ ლარამდე შეამცირა (ლიტრზე 6.48 ლარამდე), თუმცა 23 მარტს მესამედ გამოცხადებული ოცივე აუქციონი კიდევ ერთხელ ჩავარდა.

კითხვაზე, თუ რატომ ჩაიშალა სპირტის გაყიდვაზე გამოცხადებული ზედიზედ რამდენიმე აუქციონი, სამანიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპანია კანონმდებლობის ტყვეობაშია - ის პროდუქციას თვითღირებულებაზე იაფად ვერ ყიდის, თვითღირებულება კი ხელოვნურადაა გაბერილი.

„სახელმწიფო კომპანია ყიდულობს ყურძენს გარკვეულ ფასად და მას რაღაც თვითღირებულება აქვს. უფრო იაფად ვერ გაყიდის - ამის უფლება არ აქვს. აუქციონზე გამოაქვს იმ ფასად, რაც დაუჯდა, პლუს მოგება. ამ ფასად არავინ იყიდის, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე გაცილებით დაბალი ფასია. სხვა ქვეყნები ყურძენს ჩვეულებრივ, საბაზრო ფასად ყიდულობენ და მათი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანია. რატომ უნდა იყიდოს ვიღაცამ სპირტი ძვირად საქართველოში, როცა მაგალითად, შეუძლია იყიდოს მსგავსი პროდუქტი ესპანეთში გაცილებით იაფად?“ - ამბობს სამანიშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს მაინც უწევს ფასის დაწევა, რადგან სხვაგვარად რეალიზაცია შეუძლებელია.

„ეს პროდუქცია აუცილებლად ჩამოვა და დაჯდება იმ საბაზრო ფასზე, რაც მსოფლიოშია“ - ამბობს სამანიშვილი.

მისივე განმარტებით, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს სუბსიდირების პოლიტიკა და ბიზნეს-მოგებიანობა - საზოგადოებამ და მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ ეს პროცესი წაგებიანია და ეს წინასწარვე უნდა იყოს გაწერილი წესებში.

„სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვა რომ მოგებიანი ბიზნესი იყოს, ეს აღარ იქნებოდა სუბსიდირება. ამაში კერძო კომპანიები ჩაერთვებოდნენ. სუბსიდირება სწორედ იმიტომაა, რომ სახელმწიფო მასში ფულს კარგავს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ხარჯი, რათა ყურძენი 100%-ით გადამუშავდეს. სუბსიდირება თავის შინაარსში არ მოიცავს მოგების ამოღებას,“ - განმარტავს გიორგი სამანიშვილი.

მისივე აზრით, გამოსავალი საკანონმდებლო და მიდგომების ცვლილებებშია - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს მოგებაზე ფიქრი იქ, სადაც სოციალურ პოლიტიკას ახორციელებს.

„მე უფრო შორსაც წავიდოდი: ამ სახელმწიფო კომპანიას უნდა მიეცეს უფლება, რომ რასაც შეისყიდის, ის გაყიდოს წაგებით და უფრო ნაკლებ ფასად. ეს ხომ სახელმწიფო სუბსიდიაა? ამიტომ იყიდოს ძვირად და გაყიდოს იაფად. ეს იქნება ჩვენი ყველას გადასახადებიდან გასული თანხა, რადგან, ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა.

კარგად აწყობილ, გამჭვირვალე სისტემაში კი ბატონო, სახელმწიფო ალბათ, უნდა ყიდდეს ამ პროდუქციას წაგებით, მაგრამ არ უნდა ყიდდეს ღვინოს, იმიტომ რომ თუ სიჭარბეა, ღვინოდ არ უნდა იყიდებოდეს ადგილობრივ ბაზარზე. ასევე, მას თვითონ უნდა გაჰქონდეს ექსპორტზე სპირტი, მაგრამ აი რა ფასად უნდა გაიტანოს სპირტი, ეს უნდა იყოს გაწერილი და დადგენილი. სავარაუდოდ ეკონომიკის სამინისტრო შეძლებს, რომ დათვალოს - რა არის კონკრეტულ წელს მსგავსი პროდუქტის დაახლოებითი ფასი და მისცეს წაგებით, მაგრამ ამ ფასად გაყიდვის უფლება“ - აცხადებს გიორგი სამანიშვილი BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები