მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და Wizzair-ის დანაკლისები სხვა ავიაკომპანიებით შეავსოს - ლაშა ბერეკაშვილი

აეროპორტი

"სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და Wizzair-ის დანაკლისები სხვა ავიაკომპანიებით შეავსოს", - ამის შესახებ Travel To Georgia-ს დამფუძნებელმა ლაშა ბერეკაშვილმა ქუთაისიდან ვენის მიმართულებით ფრენების დაგეგმილ შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

Wizzair-ი ფრენებს ვენის მიმართულებით ქუთაისიდანაც შეწყვეტს

"როცა ასეთი რამ ხდება, სახელმწიფო არის თავდაცვის პოზიციაში და ამბობენ, რომ ავიაკომპანიამ გააუქმა და ისინი არაფერ შუაში არიან, ეს გავიგეთ, მაგრამ ვეკითხები: თქვენი როლი რა არის? სტატისტიკას ხელი მოჰკიდოთ და მიხვიდეთ სხვა ავიაკომპანიებთან და ეცადოთ, რომ ჩანაცვლება მოხერხდეს. შემდეგ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ვიყავით ამ ავიაკომპანიებთან, ვეცადეთ, მაგრამ ვერ დავაინტერესეთ“, - აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა და დასძინა, რომ როცა Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტიდან ევროპისკენ ფრენებზე მონოპოლისტი გახდა, ეს რისკები ცხადი იყო და სახელმწიფოს უნდა ეზრუნა, რომ მაგალითად, Easyjet-ი ქუთაისში შემოეყვანა, რომელიც დააკომპენსირებდა Wizzair-ის ჩავარდნილ მიმართულებებს.

მისი თქმით, Wizzair-ის მიერ ვენის მიმართულებით ფრენების გაუქმება შემომყვან ტურიზმზეც აისახება, განსაკუთრებით იმ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან ქუთაისში შესრულებულ რეისებზე.

„წელს, ეს მეოთხე მიმართულებაა, რაზეც გამოცხადდა, რომ უქმდება. პირველი იყო კოპენჰაგენი, შემდეგ რიგა, აბუ-დაბი და ახლა ვენა. Wizzair-ს ვენიდან გააქვს ბაზა და გადადის ბრატისლავაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქუთაისი-ბრატისლავა დაინიშნოს, ბრატისლავა ვენას ვერ ჩაანაცვლებს, ვინაიდან ვენა არის ლოგისტიკური ჰაბი“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ Wizzair-ი ქუთაისიდან ამჟამად ვენის გარდა, ბრიუსელის, ლარნაკას, პრაღის, ლიონის, პარიზის, ბერლინის, დორტმუნდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, მიუნხენის, ათენის, სალონიკის, ბუდაპეშტის, მილანის, რომის, ვენეციის, ვილნიუსის, კატოვიცეს, პოზნანის, ვარშავის, ვროცლავის, ბარსელონას და მადრიდის მიმართულებით დაფრინავს. ვენის მიმართულებაზე ფრენების შეწყვეტა 2026 წლის 15 მარტამდე, თანდათანობით იგეგმება. თუმცა, ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები