ევროპას უსაფრთხოებისადმი უფრო ჰარმონიზებული მიდგომა და "ჰიბრიდული ომის" წინააღმდეგ ერთიანი მაკოორდინირებელი ორგანო ესაჭიროება - ამის შესახებ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბოლო პერიოდში ბომბის მუქარის შემცველი შეტყობინებების გახშირების ფონზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ნოემბერში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებებმა ევროპის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანა, მედიასაშუალებების რედაქციები და სკოლები შეაფერხა. ბოლო ასეთმა განგაშმა გასულ კვირას ჩრდილოეთ საფრანგეთში სარკინიგზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება გამოიწვია.
"სულ ცოტა ხნის წინ პირადად მქონდა შეხვედრა ევროკომისიასთან. ვცადე ამ საკითხის წამოჭრა და მოვუწოდე მათ, ერთობლივად იმოქმედონ და კოორდინაციის გზები გამონახონ. თუმცა ეს ძალიან დელიკატური და რთული თემაა სუვერენული ეროვნული სახელმწიფოს კონცეფციის გამო - არცერთ ქვეყანას არ სურს ამ საკითხში საკუთარი უფლებამოსილების დათმობა", - განაცხადა იოზეფ ვარადიმ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე. მას არ დაუკონკრეტებია, შეხვდნენ თუ არა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სხვა ავიაკომპანიების ხელმძღვანელებიც.
გასულ კვირას Wizz Air-მა ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება ევროპის მასშტაბით შესრულებულ 14 რეისზე მიიღო - აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი მუქარების გამო თვითმფრინავების სხვა აეროპორტში გადამისამართება გახდა საჭირო.
სააგენტო Reuters-თან ცალკე ინტერვიუში ვარადიმ ეს მუქარები ჰიბრიდულ ომს დაუკავშირა, რომელიც, მისი თქმით, მთელ ევროპაზე ახდენს გავლენას.
Reuters-მა ვერ შეძლო გამგზავნის ვინაობის, წერილების წარმომავლობის ან იმის დადგენა, მოდიოდა თუ არა ყველა შეტყობინება ერთი და იმავე წყაროდან, რამაც მიმდინარე თვეში ათობით ავიარეისი შეაფერხა.
"ვფიქრობ, ევროპამ უნდა გაიაზროს, როგორ აიყვანოს პასუხისმგებლობა ახალ დონეზე მსგავსი საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ცენტრალური ევროპიდან წარმოშობილი ავიაკომპანია და, სავარაუდოდ, ჰიბრიდული ომის ამ გამოვლინებებთან ყველაზე ახლოს ვდგავართ, ვიდრე ნებისმიერი დასავლური ავიაკომპანია", - განაცხადა ვარადიმ.
























