იტალიაში, ბომბის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული მუქარის გამო, 300-ზე მეტი სკოლის ევაკუაცია განხორციელდა.
ანონიმურ წერილებში ასევე აღნიშნული იყო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ავტომობილშიც იყო დამონტაჟებული.
როგორც მელონიმ განაცხადა, "რეალური საფრთხე" არ არსებობს და საკითხის განსახილველად მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
"ამ დროისთვის ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე არ გამოკვეთილა არცერთი ფაქტი, რაც რეალურ საფრთხეზე მიუთითებდა. ეს შეტყობინებები უფრო ჰგავს პანიკისა და შფოთვის გამოწვევაზე გათვლილ სტრატეგიას, რაც ამჟამად ყველა საჭირო სიღრმისეული გამოძიების საგანია", - დაწერა პრემიერმა Facebook-ზე.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მუქარის წერილი 312-მა სკოლამ მიიღო. განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ დაადასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე განგაშის შეტყობინება დაფიქსირდა და დასძინა, რომ "აშკარაა გარკვეული სტრატეგიის არსებობა".
ელექტრონული წერილები შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: "ჩვენ მოვედით თქვენს გასანადგურებლად. ჩვენ განვახორციელებთ გენოციდს იტალიელების წინააღმდეგ".
ავტორები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ შენობაში "დისტანციური ამფეთქით" აღჭურვილი "მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა" იყო დამონტაჟებული.
"ჩვენ ბომბი თქვენი პრემიერ-მინისტრის მანქანის ძრავაშიც ჩავდეთ", - ეწერა შეტყობინებაში, რომელსაც ხელს აწერდა "მიხაილ ანდროპოვი, "მისოგინისტანის ვილაიეთის" (Vilayat of Misoginistan) ლიდერი".
გასულ კვირას ირლანდიისა და ბულგარეთის მედიასაშუალებებში გაგზავნილი ბომბის მუქარის შემცველი წერილები იმავე სახელით იყო ხელმოწერილი. მსგავსი ცრუ შეტყობინებები ოთხშაბათს ბრიტანეთისა და ირლანდიის სკოლებშიც დაფიქსირდა, რასაც იქაც რამდენიმე შენობის ევაკუაცია მოჰყვა.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ მომხდარზე და უსაფრთხოების ზოგად საკითხებზე პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს.
"ეს არის უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიც შიშის დათესვა ან შფოთვის გამოწვევაა. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, არსებული საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, ელფოსტა გაუგზავნოს სკოლას, საბავშვო ბაღს ან ავიაკომპანიას და თქვას, რომ იქ ბომბია", - განაცხადა კროზეტომ.
აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ბოლო კვირებში ევროპის მასშტაბით ავიარეისებზე ბომბის არსებობის შესახებ ცრუ განგაშების სერია. იმავე პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, კიბერთავდასხმები განხორციელდა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზეც.
შაბათს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იგი "კიბერკრიმინალების" სამიზნე გახდა, რომლებმაც მისი პირადი მონაცემები ინტერნეტში იტალიის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო გაავრცელეს. მომხდარმა თავდასხმებმა ევროპაში ჰიბრიდული ომის საფრთხეებთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.
ბომბის მუქარის გამო ევროპაში ათზე მეტი ავიარეისი შეფერხდა - რა ვიცით ცრუ შეტყობინებების ტალღაზე?
























