მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს მიერ ყურძნის ფასის რეგულირება არასწორია - "ნეკრესის მამული" გამოწვევებზე

ვენახი

ქართული ღვინის მწარმეობელ "ნეკრესის მამულში" მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ყურძნის ფასს არ უნდა არეგულირებდეს. საკითხზე კომპანიის ხელმძღვანელმა, ოთარ ტაბატაძემ BM.GE-სთან ღვინის მწარმოებელი კომპანიების გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

„ყურძნის ფასს სახელმწიფო არეგულირებს, რაც არასწორია. უნდა არსებობდეს თავისუფალი ბაზარი, კონკურენცია და ეკონომიკის ბუნებრივი მიდინება. რთულ მდგომარეობაში ვართ - ქართული ღვინის ექსპორტის 75%-მდე მხოლოდ რუსეთზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ერთმა ქვეყანამ მოახდინა ექსპორტის მონოპოლიზაცია“, - ამბობს ტაბატაძე.

BM.GE მიმდინარე რთველის მოლოდინებით დაინტერესდა, თუმცა მეღვინე პროგნოზებს ვერ აკეთებს და აღნიშნავს, რომ მევენახეობა-მეღვინეობაში ყურძნის ხარისხი, რაზედაც გლობალური დათბობა მოქმედებს, გამოწვევაა.

„გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ყურძნის ხარისხში ფიქსირდება პრობლემები. ამას ახლავს სხვადასხვა დაავადება. ხშირად გვიწევს გეგმების გადახედვა - როცა წვიმს, ფიზიკურად კრეფა შეუძლებელია. უკვე რამდენიმე წელია, სექტემბერში უხვი ნალექია, რაც სერიოზული გამოწვევაა როგორც მევენახეებისთვის, ასევე მეღვინეებისთვის“, - აცხადებს ტაბატაძე.

მისივე თქმით, რუსეთში ექსპორტის შემცირების ფონზე, მეღვინეობით დაკავებულ ბევრ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რაც აისახება როგორც პროდუქტის, ასევე ნედლეულის ფასზე.

„ღვინის ფასი მცირდება, პარალელურად კი ყურძნის შესყიდვის ფასი იზრდება, რაც საწარმოებისთვის დამატებითი ზეწოლაა“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, "ნეკრესის მამული" კახეთში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც წლიურად 45 000 ჩვეულებრივ ღვინოს, ამასთან ცქრიალა ღვინოს და დისტილირებულ პროდუქტებს აწარმოებს. გარდა ღვინის წარმოებისა, "ნეკლესის მამული" სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები