საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის, ილია ინჯიას განცხადებით, სასურსათო ბაზარზე არსებული გამოწვევების ფონზე სახელმწიფოს ქსელური მარკეტების რეგულირებაში ჩარევა მოუწევს. ამის შესახებ მან „ფასების კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.
ინჯიას თქმით, წლების განმავლობაში სფერო ფაქტობრივად დაურეგულირებელი იყო, რამაც არსებული პრობლემები და გამოწვევები შექმნა. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლოგისტიკის მიმართულებას, მონოპოლიურ ან ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს, ასევე ქსელებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებულ ურთიერთობებს.
“ფაქტი ისაა, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და იმ გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის ფარგლებში მოვისმინეთ. ფაქტი ისაა, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი გადმოსახედიდანაც, თქვენი ყველა კომენტარი ამას აზუსტებს, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად“, - თქვა მან.
მისივე შეფასებით, ბაზარზე სხვადასხვა სუბიექტი - მწარმოებლები, დისტრიბუტორები და ქსელები გარკვეულ შემთხვევებში საკუთარ პოზიციებს იყენებენ იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მიიღონ. ვიცე-სპიკერის თქმით, ახალი წესების შემოღება გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს და შესაძლოა ყველასთვის მისაღები არ იყოს, თუმცა სახელმწიფოს მთავარი მიზანი მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.
“რა თქმა უნდა, ახალი თამაშის წესები, რაღაც ცვლილებებს გამოიწვევს, რაც ყველასთვის მისაღები შეიძლება არ იყოს, თუმცა ჩვენი ამოცანაა მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის და იმ ხალხისთვის ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზედაც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რომ რაღაც მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მიმართულებით ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი და ზოგი ქსელის წარმომადგენელი იყენებს ამ კოზირებს, რომ თავისკენ მეტი შედეგი ჰქონდეს“, - თქვა მან.
ინჯიამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა ქსელებში საკუთარი პროდუქციის გაყიდვების დინამიკა და ნაშთები გააკონტროლონ. მისი თქმით, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მათ პროდუქციის მონიტორინგის შესაძლებლობას მისცემს.




























