მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს მოვალეობა ღვინის ხარისხის კონტროლია, ის არ უნდა ერეოდეს მეღვინის ხელწერაში - "ხომლის მარნის" დამფუძნებელი

თამაზ ომანაძე

"სახელმწიფოს მოვალეობა ღვინის ხარისხის კონტროლია, ის არ უნდა ერეოდეს მეღვინის ხელწერაში", - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში ხომლის მარნის დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ განაცხადა.

გასულ კვირაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც თუ ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება გსურთ, ანუ მისი მოსავლის გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ამისთვის მთავრობისგან ნებართვის აღება მოგიწევთ. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ეს რეგულაცია ხარისხიანი ღვინის წარმოებას ხელს შეუწყობს.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებს არ ეხებათ.

"მავალდებულებენ მარანში ტექნოლოგიური ჟურნალის წარმოებას. ჩნდება კითხვა როგორ უნდა ვაწარმოო ეს ჟურნალი ისე, რომ რეალობას ასახავდეს?! სახელმწიფო ფაქტობრივად, გვიბიძგებს ჟურნალი არარსებული მონაცემებით შევავსოთ. გაუგებარია როგორ უნდა დაესწროს სააგენტოს ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ჩემს ურთიერთობას მარანთან და ღვინოსთან. ყოველთვის ვამბობ, რომ არ ვარ უბრალოდ მეღვინე მე პროცესის თანმიმდევრობის ნაწილი ვარ. ღვინოს ქვევრსა და საწნახელში ვამზადებ, ბიოდინამიურად მთვარისა და ამინდის ციკლების გათვალისწინებით. თანაც ჩემი წარმოება მცირეა და არა ინდუსტრიული. ეს მიდგომა საბჭოთა პერიოდის „გოსტებს“ მაგონებს, სადაც ნებისმიერი პროდუქტი საკვები იქნებოდა თუ ტანსაცმელი მკაცრ ჩარჩოებში უნდა ჩამჯდარიყო. ასეთი რეგულაციები ძირშივე კლავს ჩვენს ავთენტურობასა და უნიკალურობას, რაც მსოფლიო ბაზარზე გასვლის მთავარი წინაპირობაა. მიმაჩნია, რომ ხარისხის ამაღლების საბაბით მსგავსი ჩარჩოების დაწესება სრულიად უაზროა.

არაერთხელ მითქვამს სხვადასხვა გადაცემასა თუ ეთერში, რომ სუბსიდირებაზე მილიონები იხარჯება რესურსი, რომელიც შეიძლებოდა ქართული ღვინისა და, უპირველეს ყოვლისა, ქვევრის პოპულარიზაციას მოხმარებოდა. პირადად მქონია შეხვედრები მსოფლიოში ცნობილ ღვინის ექსპერტებთან, რომლებმაც აღიარეს, რომ ქვევრის შესახებ თითქმის არაფერი იციან.

საკუთარი ძალებით ვცდილობ, მათ შესაბამისი ლიტერატურა მივაწოდო, რათა ამ უნიკალურ მეთოდზე მცირე წარმოდგენა მაინც შეექმნათ, თუმცა ამას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე და ვერ მოვიხვეჭთ აღიარებას, თუ ჩვენს უმთავრეს ფასეულობას სათანადოდ არ წარვადგენთ", - განაცხადა გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას ომანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები