სახელმწიფოს მთავარ ამოცანად საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება რჩება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში წერია.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მთავარ ამოცანად ასევე რჩება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია და საქართველოს რეგიონული/გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება.
"უსაფრთხოების გარემოს მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე დაფუძნებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონის ამაღლება, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტით დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შედეგად, მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნას", - წერია დოკუმენტში.
სამთავრობო პროგრამაში ასევე წერია, რომ მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება, რაც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარებას.
"მთავრობა უწყვეტად განაგრძობს მოქალაქეებისთვის სერვისების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მიწოდებასა და რეალურ საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის
განხორციელებას.
სამთავრობო პროგრამა ქმნის მყარ საფუძვლებს მომდევნო წლებში ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური მასშტაბით, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან და ემსახურება თითოეული მოქალაქის უკეთეს მომავალს. მთავრობა გამოხატავს სრულ მზაობას, ფართო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შექმნას საქართველოს ევროპული მომავალი", - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ დღეს პარლამენტის ბიუროს პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარუდგინა, ხოლო კობახიძემ განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარადგინა.