ირაკლი კობახიძემ "ნამახვანჰესის" პროექტს "აბსოლუტურად გამართული" უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს. განაჩენთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ NGO-ებს, რომლებიც სათავეში ედგნენ პროტესტს პროექტის წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის პრემიერობის დროსაც პროექტის საინვესტიციო შეთანხმების გადახედვის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ იურისტები დაიქირავა, პროექტის კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა, ხოლო თავად ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ივნისში ისიც განაცხადა, რომ პროექტი არსებული სახით არ უნდა განხორციელებულიყო და რომ მთავრობა ამაზე ინვესტორს მოელაპარაკებოდა.
"გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა ამ დავას, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები, საეჭვო პირები იყვნენ ჩართული აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული NGO-ები, 3 კონკრეტული NGO შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა იყო ჩართული, უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს გადახდა, ჯერ გრძელდება კიდევ დავა და ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2021 წლის 22 სექტემბერს კი კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ ფორს-მაჟორისა და სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების დარღვევის გამო საინვესტიციო შეთანხმებიდან გადიოდა. მალევე ENKA-მ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა, რომელიც დღეს მისი გამარჯვებით დასრულდა.
კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.