მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს გრანტი, ჯამში 826 815 ლარი" - დაკავებულია 12 პირი

დაკავება ხელბორკილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაეუფლნენ.

როგორც უწყება იტყობინება, საქმე ეხება „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკური პირებისა და ინდმეწარმეების 150 000-ლარიანი დაფინანსების პროგრამას, რომელიც დაკავებულებმა თაღლითურად გამოიყენეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ., რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფო თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე.

დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, პირადი ინტერესებისთვის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა", - აცხადებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები