ქეთო ნინიძის თქმით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ ტურისტულ ბაზრებს [როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი] არ აქვთ დაინტერესება აუთენტურ ღვინოსა და ნიშურ პროდუქტებზე. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო კონცენტრირებულია ვიზიტორების რაოდენობრივ ზრდაზე, რაც ზოგად სტატისტიკაში შესაძლოა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურ ღირებულებას არ ქმნის ისეთი ობიექტებისთვის, როგორებიც არიან მცირე მარნები და ნიშური რესტორნები.
“ღვინო არის სპეციფიკური პროდუქტი, რომლითაც ის ბაზრები, [რომელზედაც სახელმწიფოს სწორება აქვს] არ არიან დაინტერესებული. თუ არიან ღვინით დაინტერესებული, ძალიან მწირი წარმოდგენა აქვთ ზოგადად ამ პროდუქტზე, საკმაოდ დაბალი წიგნიერება აქვთ ღვინოში და დაბალი მოხმარების კულტურა. ცალკეული გამონაკლისები ყველგან არის, მაგრამ თუ რაღაც ინტერესი აქვთ ხოლმე, ქარხნულ ღვინოს ეძებენ.
ის რაც არის ჩვენი ნიშა, ძალიან ფასდება დასავლეთის ქვეყნებში და ასევე აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში, სამხრეთ კორეაში. თუმცა, ჩინური და ინდური ბაზრებიდან ამ ტიპის პროდუქტის გაგება და აღქმა არ არსებობს. ამდენად, მესმის, რომ სახელმწიფოს სურს რაოდენობრივად შთამბეჭდავი ვიზიტორების სტატისტიკა წარმოაჩინოს, თუმცა ეს არავითარ გავლენას არ ახდენს მარნებზე და ნიშურ რესტორნებზე - არც შინაარსობრივად და არც ღირებულებით”, - თქვა მან.
გარდა ამისა, ნინიძე ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მარტვილში და ზოგადად რეგიონში განთავსების ობიექტების რაოდენობა და ხარისხი დღემდე პრობლემურია. ის დასძენს, რომ ვინც მაღალი ღირებულების და ხარისხის ობიექტს ეძებს, არჩევანს ქუთაისზე აჩერებენ.
“ჯერ კიდევ როდესაც მაღალ გადახდისუნარიანი ევროპელი ტურისტების შემოსვლაზე იყო საუბარი, არც ამ რაოდენობის, მაშინაც იყო საწოლების რაოდენობის არასაკმარისობის პრობლემა. მით უმეტეს, თუ ასეთ მასობრივ ტურიზმზე იქნება აქცენტი, ადგილებიც არა საკმარისი იქნება და ცვეთა იქნება მაღალი. ასევე არ გვინდა, რომ ეს ბუნების ძეგლები რაღაც მასობრივი ტურიზმის ადგილად იქცეს”, - აცხადებს ქეთო ნინიძე.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ხაზს უსვამს მასობრივი ტურიზმის საფრთხეებსაც და აღნიშნავს, რომ ტურისტი, რომელსაც სმა-ჭამის გარდა არაფერი აინტერესებს, სექტორზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
“ტურისტი, რომელსაც არაფერი აინტერესებს, შეჭამს და წავა, ეს რა თქმა უნდა, თავის გავლენას იქონიებს ხარისხზე. ხარისხი როდესაც დაეცემა, ეს კიდევ გავლენას იქონიებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნით აღარ იქნებიან დაინტერესებული ის ქვეყნები, რომელზედაც გვინდა, რომ ჩვენ გავიდეთ და ფეხი მოვიკიდოთ”, - ამბობს ნინიძე.




























