მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა" - ნათია თურნავა საბანკო ბარათით გადახდის მომსახურების საკომისიოს რეგულირებაზე

ნათია თურნავა

პარლამენტმა ორშაბათს საგადახდო სისტემების შესახებ კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომელიც გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ ტრანზაქციის ღირებულების 0.5%-ს განსაზღვრავდა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად პარლამენტში სებისგან მიღებული წერილი დაასახელეს, სადაც ხაზგასმული იყო საკითხის უფრო ღრმად შესწავლის საჭიროება.

BMG-იმ სების პრეზიდენტს, ნათია თურნავას მიმართა კითხვით, თუ რა არის სებ-ის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სები საბანკო ბარათების მომსახურების მიმართულებით ცვლილებებს მიესალმება თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით როგორც მომხმარებლის ასევე, ბანკის ინტერესი დაცული უნდა იყოს.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროს მოწესრიგება არის საპარლამენტო ინიციატივა და ჩვენ როგორც ეროვნული ბანკი გადახდების სფეროს მოწესრიგებას მივესალმებით. მათ შორის იქ სადაც არის ამის რაციონალი თუნდაც სატარიფო რეგულირების და სატარიფო სფეროს მოწესრიგების. საკომისიოები ამის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ბანკების ინტერესებიც იყოს დაცული, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესებიც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საუბარია საკომისიოების საკითხს. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიო და ჭერი განვსაზღვრეთ.

ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ საკითხს მეტი დამუშავება სჭირდება. ის არ მოხსნილა. დღის წესრიგიდან, ამ ეტაპზე უბრალოდ დამატებითი დრო არის საჭირო, რომ ინდუსტრიასთან ერთად უფრო ოპტიმალური მექანიზმი იქნეს მოძებნილი. ეს არ არის ქართული Know How, რადგანაც დასავლეთში არის სხვადასხვა გამოცდილება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

საკითხი შეეხება იმ საკომისიოს, რომელსაც პოსტერმინალები ბარათის მომსახურებისთვის იღებენ. სექტემბერში ქართული ოცნების დეპუტატებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საგადახდო ბარათის მომსახურების მაქსიმალურ საკომისიოდ 0.5%-ს განსაზღვრავდა. ეს ამჟამად არსებულ საკომისიოზე რამდენჯერმე დაბალი მაჩვენებელია, რადგანაც ამჟამად საბანკო ბარათის საკომისიო გადახდის ღირებულების 1.5-2%-ის ფარგლებშია, რაც 100 ლარის გადახდაზე 1.5-2 ლარს შეადგენს.

ამასთან, გაცილებით უფრო მაღალია მომსახურების საკომისიო 10 ლარამდე არსებულ გადახდებზე, რაც ტრანზაქციაზე 5-10 თეთრს აღწევს.

როგორც ირკვევა, შესაძლოა აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს არა საკომისიოს ჭერის დაწესებით, არამედ ე.წ. სმარტ როუტინგით - ანუ ჭკვიანი მარშრუტიზაციით. საუბარია, რომ ბაზარზე შესაძლოა გაჩნდეს ახალი პოსტერმინალები, რომლებმაც მომსახურება ყველა ბანკის გადახდებს მაქსიმალურად დაბალი საკომისიოს პირობებში უნდა გაუწიოს, რადგანაც ტერმინალმა უნდა აირჩიოს რომ გადახდა გაატაროს იმ საბანკო ინსტიტუტის მიმართულებით რა მიმართულებითაც მას ყველაზე ნაკლები საკომისიო შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები