მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკითხი ეხება ოლიგარქებისთვის სანქციებზე თავის არიდებას... ხელისუფლება იყო ჩართული" - ინტერვიუ

გიორგი ჩიკვაიძე

კომპანია Ramses Yachts-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი ჩიკვაიძე ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა. კატერების და იახტების რეალიზატორი კომპანიის დამფუძნებელმა ბიზნესში ზეწოლის საქმეზე პირველად ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„2022 წელს, ჩვენ დაგვავალეს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება, რაზედაც ვთქვით უარი. ყველაფერზე არ ვისაუბრებ, რადგან ქვეყნის სახელს და უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ მოგიყვებით, რა მოჰყვა ამ დავალებაზე უარის თქმას“, - თქვა გიორგი ჩიკვაიძემ, მაგრამ არც დავალების შინაარსი მოყვა და არც დავალების გამცემი პირების ვინაობა დაასახელა.

„ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუშიც, მაგრამ თქვა, რომ საქმე ეხებოდა რუსი და არა მარტო რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარებას, რაშიც ბიზნესმენის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება იყო ჩართული და „მათ ჩართვასაც ცდილობდნენ“.

- გიორგი, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ თქვენ თქვით, რომ პრობლემები 2022 წელს დაიწყო, როცა "ანტისახელმწიფოებრივი დავალება" მიიღეთ, რომლის შესრულებაზეც უარი თქვით. რატომ არ ამბობთ, ვინ დაგავალათ და რა დაგავალათ?

- არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც საუბარზე თავს ვიკავებთ, რადგან ორივე ეხება ქვეყნის სახელს, უსაფრთხოებას და ეხება რუსი ოლიგარქებისთვის სანქციებზე თავის არიდების საკითხს, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლება და სადაც უნდა ჩავრთულიყავით ჩვენც, რაზედაც ვთქვი უარი... მეტ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ...

- ვისგან ან რომელი უწყებისგან იყო მსგავსი დავალება?

- მოდი, ჯერ თავს შევიკავებ, რადგან საქმე ეხება ქვეყნის სახელს და უსაფრთხოებას. ყველაფერს თავისი დრო აქვს და საჭირო დროს ამაზე ვისაუბრებ.

- გიორგი, „რეაქციაში“ ასევე თქვით, რომ ამ საქმის შესახებ ესაუბრეთ პრეზიდენტს, ასევე საქმის მასალები გადაეცით ჟურნალისტ ნოდარ მელაძესაც... ერთი ძალიან საინტერესო ფრაზაც თქვით - „ნოდარ მელაძეს აქვს სრული ინფორმაცია რა დაუჯერებელი და გაუგონარი რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში. რისი მონაწილეები ნებით ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ბევრი {რაღაც} ჩვენი ხელით შეასრულეს და ჰქონდათ მცდელობა, კიდევ შეესრულებინათ და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი“ - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ შეყევით „ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაში“... ასეა?

- არ შევყევით...

- მაშინ რა გააკეთეთ?

- როგორ აგიხსნათ... ჩვენი ხელით ვინ ვის რა უგზავნა, რა ნივთიერებები... საერთაშორისოდ აკრძალული, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში მოვა პერიოდი და ამაზე ვიმსჯელოთ...

- იახტებით და კატერებით ხდებოდა ეს?

- იახტებთან დაკავშირებით... ვისზე ვსაუბრობ, ამას ნახავთ უახლოეს დღეებში. ყველაფერი გადაღებული გვაქვს. ყველაფრის დამამტკიცებელი ფოტო-ვიდეო მასალა გვაქვს...

- ოლიგარქები ახსენეთ საუბრის დასაწყისში...

- დიახ, ოლიგარქების გარშემო ტრიალებს ყველა ეს თემა...

- რუსი ოლიგარქების გარშემო?

- არა მარტო...

- „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ დამკვეთს, ჯერჯერობით, არა ასახელებთ, მაგრამ თქვენი როლი ამ საქმეში რა იყო? - გადარიცხვებში მონაწილეობა? იახტების შეძენა თუ რა?

- შეძენა შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ აქ არის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე საუბარი, რომელშიც ჩართული იყო ამ ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირები. მეორე საკითხის შემთხვევაში კი, საქმე გაცილებით ზემოთ მიდის..

- 2022 წელს მოსალოდნელ პრობლემებს ვერ იაზრებდით, როცა თუნდაც იძულებით შეყევით {დავალებას}...

- იმ პერიოდში ერთგვარი სტრესი იყო და თავიდან ვთქვით უარი, მაგრამ ამას შემდგომ მოჰყვა იძულება და გარკვეული მუქარა... ოჯახის წევრებზე ირიბად გაკეთებული აქცენტები... მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ ამ ოპერაციის შესასრულებლად, ოღონდ თქვენ ეს უნდა გააკეთოთო და ამას წინაპირობაც აქვს, ჩვენ რატომ უნდა გაგვეკეთებინა...

- რას გულისხმობთ?

- მოვიცადოთ რამდენიმე დღე...

- როგორც ამბობთ, 2022 წელს დაიწყო ეს ყველაფერი... 2024 წლამდე რატომ არ იყვირეთ - რატომ იყავით ჩუმად?

- 2 წელია, ამ ხელისუფლების მხარდამჭერი აღარ ვარ და ამის რიგი მიზეზები არსებობს. ვთვლი, რომ თუ ვინმე საღად მოაზროვნეა, ამ ხელისუფლებას მხარს არ უნდა უჭერდეს, რადგან ეს არის რუსული ხელისუფლება. რაც შეეხება იმას, აქამდე რატომ მოვედით, ნახეთ როგორი სიტუაციაა - ცხრა თვეა, ამ რეჟიმში ვართ. ის პერიოდი, სანამ ჩვენ მათ შევყევით ამ არეში და როლი გვქონდა, რომ ძალიან გვეშინოდა და ა.შ. გულხელდაკრეფილი არ ვიჯექით. ვძლიერდებოდით, ვიძენდით პარტნიორებს, ინფორმაციას ვაგროვებდით და დღეს მზად ვართ, კორუმპირებული საქართველოს პროკურატურა თავიდან ბოლომდე ვამხილოთ.

რაში ედება ბრალი გიორგი ჩიკვაიძეს - საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვერსიები


გიორგი ჩიკვაიძის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, 13 სექტემბერს, აღნიშნულ საქმეზე განცხადებები გაავრცელეს საქართველოს პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიზნესმენის განცხადებების სიცრუეა და მიზნად ისახავს საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციას.

პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვერსიებით, კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე, 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. 2024 წლის 1 მარტს კი, აღნიშნული საქმე გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

„გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, გ.ჩ.-ს და ი.პ.-ს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, საზღვარგარეთ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენასა და დაზარალებული კომპანიისთვის მიწოდებაზე. 2022 წლის 10 სექტემბერს მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებიც არაერთხელ შეიცვალა. გ.ჩ.-ს და ი.პ.-ს მიერ არ მომხდარა დაზარალებული კომპანიისთვის ნასყიდობის საგნის მიწოდება და დღეის მდგომარეობით კომპანიისთვის დაბრუნებული თანხა შეადგენს მხოლოდ 50 000 ევროს“, - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს მიმართ, 2024 წლის 4 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

„ბრალდებულების მიმართ, მოსამართლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და პროკურორის ნებართვის გარეშე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია სასამართლოში“, - წერია განცხადებაში.

რა პრობლემები შეუქმნეს ბიზნესმენს „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ - გიორგი ჩიკვაიძის ვერსია

კომპანია Ramses Yachts-ის დამფუძნებელი გიორგი ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა, მას ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენი“ ელგუჯა თურმანიძე (სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი) დაუახლოვდა და მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. კერძოდ, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია Ramses Yachts-სს „ელთ ბილდინგისთვის“ იახტა უნდა შეეძინა.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ელგუჯა თურმანიძე მას ხშირად სთავაზობდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და ფულის გათეთრების სქემაში ჩართვას, რაც იყო მთავარი მიზეზი, რატომაც Ramses Yachts-მა „ელთ ბილდინგთან“ კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, ხოლო თანხის დაბრუნების მიზნით, გადახდის გრაფიკი შესთავაზა. მისივე ინფორმაციით, თანხის გარკვეული ნაწილი „ელთ ბილდინგს“ დაუბრუნეს.

"ის ყოველდღიურ რეჟიმში გვთხოვდა, ერთად გაგვესინჯა ნარკოტიკული ნივთიერება, კოკაინი... გვეუბნებოდა, ეს ჩვენ შორის ურთიერთობებს გააღრმავებსო და არც თბილისში მოგაკლდებათ წამალიო. პრობლემები არ შეგექმნებათო... მე ალექსანდრე ივანიშვილის კაცი ვარ და ჩვენი მომკითხავი არცერთი უწყება არ იქნებაო. გვიყვებოდა, როგორ უგვარებდა პრობლემებს ალექსანდრე ივანიშვილი პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში... როდესაც ნარკოტიკის მოხმარებაზე ჩემგან მკაცრი რეაქცია მიიღო, თემა შეიცვალა და დაიწყო ფულის გათეთრების გზების შემოთავაზება - ამხელა კომპანია ხართ და ვინ მუშაობსო „თეთრადო“. თავს ელგუჯა თურმანიძეს სამშენებლო კომპანია აქვს... მივხვდით, რომ რაღაც ტრიალებდა. ყველა მიხვდებოდა, რომ რაღაც ხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ყველანაირი კონტრაქტი გაგვეწყვიტა ანუ ჩვენმა კომპანიამ უღიარა, რომ არ შეასრულებდა ამ დავალებას და შევთავაზეთ თანხის გადახდის გრაფიკი“, - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

ბიზნესმენის ვერსიით, მას შემდეგ, რაც Ramses Yachts-სმა ელგუჯა თურმანიძის კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მასზე წნეხის მოხდენის მოხდენა ჯერ აჭარის საოლქო პროკურატურამ სცადა, თუმცა მაშინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ბრძანებით, საქმე დაიხურა, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა. რამდენიმე თვეში კი, საქმე ხელახლა აღიძრა.

„ამ ბიზნესის "ახევაში" ჩართულია მთელი პროკურატურა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის შეთხზული. ჩვენგან ერთი ნაბიჯის დათმობა არ იქნება... 10 წელია ამ ბიზნესს ნულიდან ვქმნით - საიახტო ინდუსტრიას ვავითარებთ და როგორ ფიქრობთ ერთ ნაბიჯს დავუთმობთ ამ რუსულ ხელისუფლებას?! ეს გამორიცხულია“, - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში არსებული კორუფციის და ბიზნესზე ზეწოლის ფაქტების გამოვლენის მიზნის მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს.


ინფორმაციისთვის: 16 სექტემბერს, BMGTV-ის სატელევიზიო დრო კომპანია „ელთ ბილდინგის“ წარმომადგენლებსაც დაეთმობა და საქმის მათ ვერსიასაც გაგაცნობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები