განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. ამის შესახებ მან ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სკოლებისთვის განკუთვნილი გაიდლაინები, რომელიც დღეს გახდა საჯარო 2 თვის განმავლობაში მუშავდებოდა.
„ამ გაიდლაინებზე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები, კერძო და საჯარო სკოლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად მუშაოდნენ. ეს არის გაიდლაინი რომელიც ეფუძნება უახლეს კვლევებს და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყება და სკოლებს ექნებათ შესაძლებელობა მიიღონ მოსწავლეები საკლასო ოთახებში“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირბადეების მოხმარება სკოლის მასწავლებლებისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო მოსწავლეებისთვის არ იქნება სავალდებულო.
„დღეს განათლების სამინისტრო სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით სკოლების აღჭურვას“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
მისივე თქმით, სკოლებს ეძლევათ აბსოლუტური თავისუფლება დეცენტრალიზაციის ფარგლებში საჭიროებიდან გამომდინარე – ეს იქნება ინფრასტრუქტურა, მოსწავლეების რაოდენობა თუ ინდივიდუალური საჭიროებები – თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი.
„დღეს კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა არის განსაზღვრული და ეს არის 29 მოსწავლე და იმ შემთხვევაში თუ სკოლის ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას რომ 1 მეტრიანი დისტანცია დაიცვას მოსწავლეებს შორის, ეძლევათ მოქნილობის შესაძლებლობა თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ეს იქნება საფეხურების და ცვლების მიხედვით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად სასწავლო პროცესი წარიმართოს სკოლის სივრცეში და იმ შემთხვევაში თუ შერეული მოდელის საჭიროება დადგა, ამის რეკომენდაციის პაკეტიც არსებობს და სკოლას ამ რეკომენდაციის ფარგლებში შეუძლია მოქმედება“, - განაცხადა ეკა დგებუაძე.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საკლასო ოთახში 20 ადამიანი ვერ დაჯდებოდა, ხოლო დასვენებებზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პირბადეების ხმარება მოუწევდათ.