მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს" - მაია ომიაძე

63a9703c62c7b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.22 14:03
1092
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალდანიშნული ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, მას სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები აქვს, რომელსაც სექტორს და საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

„საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, საქართველო მომავალ წელს მსოფლიო მასშტაბის ორი უდიდესი ღონისძიების მასპინძელია - ეს არის ITB Berlin და ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, საქართველო მომავალ წლებშიც არაერთი მსხვილი და მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი გახდეს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

აღსანიშნია, რომ სხვადასხვა დროს მაია ომიაძე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავდა. აღნიშნული თანამდებობა 2020 წლის დეკემბრიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თავად ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ამ პერიოდის განმავლობაში მედეა ჯანიაშვილი ასრულებდა. ეკონომიკის სამინისტრომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსია მიმდინარე წლის ნოემბერში გააკეთა, სადაც 31 განაცხადი შევიდა და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა. 

შესაბამისი ვაკანსია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე იყო გამოქვეყნებული. განცხადების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება, მისი ხელფასი კი 6 380 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები