საკონდიტრო Marron-მა, რომელსაც ეკუთვნის “დიდებული ტორტებიც”, მეხუთე ფილიალი გახსნა. როგორც საკონდიტროს დამფუძნებელმა და კონდიტერმა დავით გორგოშიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მეხუთე ფილიალი ნუცუბიძეზე გაიხსნა და ეს საბურთალოს რიგით მეორე, ხოლო თბილისის რიგით მეხუთე ფილიალია. მისივე თქმით, მეხუთე ფილიალის ინვესტიცია დაახლოებით 220 000 აშშ დოლარი იყო.
როგორც გორგოშიძე ამბობს, Marron pastry და “დიდებული ტორტები” დამატებით ფილიალების გახსნაზეც ფიქრობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქში გაფართოებას მოიაზრებს.
“გვინდა გაფართოება, სხვა ქალაქში არა, თბილისში - კი. კონკრეტული რაიონი ჯერ არ გვაქვს არჩეული, ვინაიდან ჩვენთვის პრიორიტეტია როგორი იქნება თავად შენობა/ნაგებობა. ძირითადად ცალკე მდგომ შენობას ვეძებთ და ჭირს მსგავსის პოვნა.
საბურთალოზე ორი ფილიალი გვაქვს და ორივე ცალკე მდგომი შენობებია, რათა როგორც მაღაზია, კაფე და წარმოებაც ერთად განთავსდეს”, - აღნიშნა კონდიტერმა.

მისივე თქმით, გაფართოების შედეგად გაიზარდა მათ მიერ დასაქმებულების რაოდენობაც და ამჟამად საკონდიტრო ბიზნესი 180 თანამშრომელს ასაქმებს. პარალელურად, მზარდია პროდუქციაზე მოთხოვნაც.
“წინა წელთან შედარებით წელს 20%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში შიდა მენეჯმენტიც დაიხვეწა, უფრო მეტად მოქნილები გავხდით, ხარისხიც გაიზარდა და ახალი ფილიალიც დაგვემატა”, - განაცხადა დავით გორგოშიძემ და დასძინა, რომ ზრდის ტენდენციაა შეინიშნება როგორც თანამედროვე ხაზზე ანუ Marron pastry-ს მიმართულებაზე, ასევე ტრადიციულ, კლასიკურ “დიდებული ტორტების” მიმართულებაზეც.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენს გაყიდვებში Marron-ის წილი მზარდია. თან ეს ხაზი დავხვეწეთ, ჩვენ თავად შემოგვაქვს იტალიური ბრენდის Mancinelli-ს ნედლეული. მთლიანად გადავედით მათ ნედლეულზე, როგორიცაა ნაღები, რძე, შოკოლადი, ნუშის ფქვილი და ა.შ. თუმცა, პარალელურად, ტრადიციული კლასიკური ხაზიც - “დიდებული ტორტებიც” მოთხოვნადია და არ ველოდებით უახლოეს მომავალში რომ თანამედროვე ხაზი კლასიკურს გადააჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი უფრო მეტად კლასიკურზეა მიჩვეული. თუმცა, არ ვიცი, მომავალი თაობა რას იზამს...”, - განმარტა საკონდიტრო ბიზნესის მფლობელმა bm.ge-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, საკონდიტრო “დიდებული” 2008 წელს გამოჩნდა ბაზარზე, მოგვიანებით მას ახალი მიმართულება Marron pastry დაემატა. დღეს საკონდიტრო ქსელი ხუთ ფილიალს ფლობს, ხუთივეს თბილისში: დიდ დიღომში, დიღმის მასივში, თემქაზე, ჯიქიას ქუჩაზე და ახალ ფილიალს ნუცუბიძის ქუჩაზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ორი ფილიალი ჰქონდა ნიუ-იორკშიც, მაგრამ როგორც გორგოშიძემ აღნიშნა, ისინი გაყიდა, რათა იმ თანხით სხვა მიმართულებით და სხვა ქვეყანაში განახორციელოს გეგმები. რომელ ქვეყანაზეა საუბარი, კონდიტერი ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.




























