ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება.
„რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი საკონსულო და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, იხსნება უბნები, ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება გაიხსნას 1-ზე მეტი უბანი, შეიძლება იყო 2,3,4 უბანიც კი. ყველაფერი წარიმართება საარჩევნო პრინციპების დაცვით და არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ამაზე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გესაუბროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები, - გარდა იმ ქალაქებისა, სადაც დიპლომატიური მისიები არსებობს და სადაც სულ მცირე 50 ადამიანია ჩაწერილი, - არ გაიხსნება. ანუ, არჩევანის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 60 უბანზე ექნებათ.