მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრებულოს ოპოზიცია თბილისში დაშლილი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვის 2 წლით გადავადებას აკრიტიკებს

61f2ccc56edf0
ანუკა ჯოხაძე
31.01.22 10:00
3086
თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2024 წლამდე გადავადდა- ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

რეგულაციის გადავადებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და ის პანდემიით ახსნა. საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი BM.GE-თან აცხადებს, რომ პანდემიით დაზარალებულ მეწარმეებს რეგულაციებზე მოსარგებად შესაბამისი ხარჯების გაწევის რესურსი არ ჰქონდათ.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ რეგულაციის 2 წლით გადავადების საჭიროება დღეს არ იდგა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წლების წინ დაწყებულ და ისედაც დროში გაწელილ პროცესებს კიდევ უფრო მეტად გააჭიანურებს.

“გასაგებია და მე კარგად მესმის, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ რეგულაციებზე გადასვლას და ევროპულ სტანდარტებზე მიყვანასაც სჭირდება შესაბამისი თანხები, რაც განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს გაუჭირდებათ. თუმცა უნდა არსებობდეს რაღაც კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ვავადებთ, რატომ ვავადებთ რეგულაციებს მაინცდამაინც 2 წლით.

რატომ არ შეიძლება რომ რეგულაციების გაავადება 1 წლით გაკეთებულიყო. ამის შემდეგ მეწარმეებისთვის გეგმა მოგვეთხოვა როგორ აპირებდნენ ისინი რეგულაციებზე მორგებას. ეს ის ბიზნესია, რომელსაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

თბილისში იზრდება ძალიან სწრაფად სასუნთქი სისტემების დაავადებების რაოდენობა. კატასტროფული ზრდა არის, რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის ზუსტად ის, რომ ეს რეგულაცია არ სრულდება და უფრო მეტიც ამ რეგულაციის კიდევ 2 წლით გადადება ხდება”-აცხადებს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი ვატო სურგულაძე.

ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, შემდეგ პანდემიის გათვალისწინებით მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. 25 იანვრის დადგენილების მიხედვით კი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. შესაბამისად, 2024 წლამდე ელიავას ტიპის ბაზრობები თბილისის დასახლებულ პუნქტებში ფუნქციორებას ძველებურად გააგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები