მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრებულოს სხდომაზე მერია ლაგუნა ვერეს პროექტის გამოტანას გეგმავს - საბა ბუაძე

საბა ბუაძე

საკრებულოსა და „ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ 25 აგვისტოს დაგეგმილ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერია ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტებს განსახილველად გაიტანს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბუაძემ საკრებულოს და თბილისის მერიას მოუწოდა, გადადოს ამ პროექტის განხილვა მანამ, სანამ ტერიტორიის შესწავლაზე სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ. 

"კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს და დღეს, სხდომამდე ერთი დღით ადრე, შემოიტანეს ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გაყიდა და მიჰყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ადამიანებს. ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც ჩვენი ქალაქისთვის კატასტროფული იქნება როგორც სატრანსპორტო, ისე ურბანული თვალსაზრისით და რაც მთავარია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა ამ ტერიტორიებზე იქნება გამანადგურებელი დარტყმა თბილისისთვის და მისი ისტორიული იერსახისთვის, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძისთვის, რომელიც გმირთა მოედანზე მდებარეობს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ტერიტორია, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა. აქ არის მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემური კალაპოტი და სპეციალისტებმა თქვეს, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი მშენებლობა არ შეიძლებოდა",- აცხადებს ბუაძე. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. უცნობია, რამდენი ათეული მილიონი დოლარია აღნიშნული გარიგების ღირებულება. ტერიტორია მოიცავს ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ყოფილ ქარხანას.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. ამასთან, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს "ნეო სითი დეველოპმენტის" 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა. 

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები