ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპის შენელება ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან თანხვედრაშია. როგორც BMG-ის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განუცხადა, დაახლოებით 13%-იანი სესხების ზრდის ტემპი მდგრადი მაჩვენებელია.
საქმე ისაა, რომ საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ნოემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 13.7% შეადგინა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 17-18%-ის ფარგლებში იყო.
დავით უტიაშვილის თქმითვე, გასულ თვეებში ბიზნეს სესხების ტემპის შენელება რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვებას და ამ გზით არსებული საბანკო ვალდებულებების გადაფარვასაც უკავშირდებოდა.
„საკრედიტო პორტფელის ზრდაში გარკვეული შენელებაა, თუმცა ეს სრულად თანაზომიერია ეკონომიკის ზრდის, ეკონომიკის ნორმალიზება მიდის და ზუსტად იგივე პროცესი გვაქვს საკრედიტო პორტფელშიც. [ზრდის ტემპი ოქტომბერში] დაახლოებით 12.8%-მდე იყო შენელებული, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე გამოუშვა ობლიგაციები და აქედან მიღებული თანხით გადაფარა საბანკო სექტორის არსებული დავალიანებები. ამიტომ მცირე ეფექტი აქედანაც გვაქვს. ეს ეფექტი რომ გამოვაკლოთ, დაახლოებით 13.5% არის პორტფელის ზრდა.
თუ შევხედავთ ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც 10%-ია და დავუშვებთ, რომ წლიურად ჩვენნაირ ქვეყნებში ფინანსური სექტორი [ეკონომიკურ ზრდას] უნდა უსწრებდეს დაახლოებით 3%-ით, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 13%-იანი საკრედიტო პორტფელის ზრდა სრულიად ნორმალური და მდგრადი გრძელვადიანი ზრდის ტემპია. იგივე მოლოდინი გვაქვს მომდევნო პერიოდშიც, რომ დაახლოებით 12-13%-ის ფარგლებში შენარჩუნდება საკრედიტო აქტივობა“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.




























