საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელია - ასე აფასებენ საბანკო ასოციაციაში მაისის მაჩვენებელს, რომლის თანახმადაც სექტორში ზრდის ტემპი 15%-მდეა შენელებული.
როგორც ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი BMG-სთან განმარტავს, სესხების ზრდის ტემპის შენელება მათ შორის გაძვირებულ საკრედიტო რესურსს და გადავადებულ მოთხოვნას უკავშირდება. თუმცა დავით რუსიას განცხადებით, მოლოდინია, რომ შემოდგომიდან დაკრედიტების ტემპი გააქტიურდება.
“მაისში საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი დეკემბერთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 16%-ით. თუ შევადარებთ ჩვენ წინა წლების მაჩვენებლებს, ოდნავ შემცირება გვაქვს, თუმცა ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ პროცენტების კლების მოლოდინი არსებობდა, მათ შორის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან, ჩვენ გვქონდა საუბრები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთანაც, ისინიც ფიქრობდნენ, რომ შეემცირებინათ [რეფინანსირების განაკვეთი]. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო გადავადებული მოთხოვნის ბრალი, ყველა ელოდებოდა, რომ შეიძლება საპროცენტო განაკვეთები შემცირებულიყო და შესაბამისად შემდეგ აიღებდნენ სესხს, თუმცა მსოფლიოში და რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო, გარკვეულწილად, გარკვეულ პროცენტულ ზრდასთანაც გვაქვს საქმე. ეს ეხება როგორც მოზიდულ სახსრებს, ასევე საკრედიტო რესურსის ფასს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, მოქალაქეები მეტწილად თავიანთ საშვებულებო ხარჯებს და გეგმებს ადგენენ, ამიტომ სესხების ზრდა უფრო მეტად ზაფხულის პერიოდის დასასრულისთვისაა მოსალოდნელი. თუმცა ბიზნესი ჩვეულებრივად ვითარდება, ბიზნესს სესხები გაიცემა და ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობს.
საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ ორნიშნა ზრდის ტემპია. წინა წელსაც ორნიშნა იყო, ვფიქრობთ, რომ თუკი მიმდინარე წელს საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 15-16%-ით გაიზრდება, საკმაოდ კარგ მაჩვენებელს აჩვენებს საქართველოს საბანკო სისტემა“, - განაცხადა დავით რუსიამ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შენელება ფიქსირდება. თუკი მაგალითად, გასული წლის მაისში სასესხო პორტფელი თითქმის 19%-ით იყო გაზრდილი, წელს მაისში ზრდის ტემპი უკვე 15%-მდეა შენელებული.




























