საკრუიზო ლაინერის ორი მგზავრი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონურ მედიაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კორონავირუსმა 80 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი იმსხვერპლა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდა მათი ხომალდიდან ჰოსპიტალიზაცია.
ეს, იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ხომალდზე, კორონავირუსით ინფიცირებულ მგზავრებს შორის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იოკოჰამას პორტში მდგარ საკრუიზო გემზე კორონავირუსის 621 შემთხვევა გამოვლინდა. ხომალდი ორ კვირაზე მეტია, კარანტინშია.
19 თებერვალს ხომალდი პირველმა მგზავრებმა დატოვეს, რომელთაც კორონავირუსი არ გამოუვლინდათ. კერძოდ, ხომალდიდან წასვლის ნება 443 პირს დართეს. როგორც მოსალოდნელია, დღეს ბორტს კიდევ 500-მდე ადამიანი დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 114 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2118-ს მიაღწია. სულ ჩინეთში ინფიცირების 74 577 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16 233 ადამიანი.