მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება - კანონპროექტი კომიტეტმა ორი მოსმენით მიიღო

სურსათი
BM. GE
12.09.23 19:13
72

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულებას და ეს კანონპროექტი ამ საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებს.

„ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს პირველი  მოსმენით განხილვის დროს ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდანაც.

სხდომაზე კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე იმსჯელეს, მათ შორის,  ტერმინთა განმარტებაში დაზუსტდა სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის განმარტება, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესოპერატორით შეიცვლება, რათა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობის განხორციელებაში პრობლემები არ შეექმნას.

ამასთან დაკავშირებით, ხატია წილოსანმა გააკეთა განმარტება, რომ კანონპროექტით ფიზიკურ პირს არ ეკრძალება გარკვეული დონაციის განხორციელება, განსაკუთრებით როდესაც ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის არის განკუთვნილი. კანონპროექტი ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებს არ გაითვალისწინებს და არაფორსმაჟორულ სიტუაციაში არსებულ შემთხვევებს დაარეგულირებს. 

მომხსენებელმა  მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას, ევროკავშირს, ექსპერტებს, კანონპროექტის ინიციატორებს აღნიშნულ თემაზე მუშაობის პროცესში დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საშემოდგომო სესიაზე მიღებული კანონპროექტი ამოქმედებისთანავე ხელს შეუწყობს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სხდომაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ჯუმბერ მარუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღნიშნული კანონის მიღებით, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ. მანვე დააფიქსირა, რომ FAO მზად არის მხარდაჭერა გააგრძელოს უკვე კანონის აღსრულების ნაწილშიც, მათ შორის, ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით.

„მნიშვნელოვანი კანონპროექტია, საკმაოდ ბევრი ფილტრი გაიარა, ბევრი მოსაზრებაა გათვალისწინებული. პლენარულ სხდომაზე გატანამდე მასზე მუშაობას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ სრულყოფილ კანონპროექტს, რომელიც საბოლოოდ შეასრულებს იმ კეთილ მიზნებს, რომლებიც  დასახული გვაქვს“, - განაცხადა სხდომის წამყვანმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა.

კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები