საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პროევროპულ აქციებზე გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის დახმარების ფონდის შექმნას აანონსებს - ამის შესახებ ზურაბიშვილმა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"იყო საუბარი ფონდის შექმნაზე, რომელიც უფრო ვრცელი იქნება, ვიდრე აქამდე არსებული სხვადასხვა ფონდები, იმისთვის, რომ დახმარება ჰქონდეთ ადამიანებს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ დღეს ეს უაზრო ჯარიმებია, ამას უნდა დავუპირისპიროთ სოლიდარობა და ამაზე იყო მსჯელობა. გადაწყვეტილება უთუოდ მალე იქნება მიღებული", - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და კრიზისული პროგნოზებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იზოლაცია, რომელიც ქვეყანას "ქართული ოცნების" მთავრობამ მოუტანა, ეკონომიკურ იზოლაციაშიც ითარგმნება.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელზედაც მე მივიღე მათი ანალიზები იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რომელიც "ქართული ოცნების" დღევანდელი პოლიტიკის შედეგია, ეკონომიკურ იზოლაციაშიც გადავიდა, რასაც შეიძლება მოჰყვეს უფრო ღრმა კრიზისი დღეს, ხვალ ან ზეგ, ძნელი სათქმელია,
ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, თუ როგორ დავხვდეთ ამ კრიზისს, თუ ის მართლაც გაღრმავდება. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ კრიზისი მოჰყვება "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის ჩაკეტვას და არა - ოპოზიციასა და ქუჩის პროტესტს... უნდა ვიფიქროთ უფრო შორს, რა უნდა გაკეთდეს, როდესაც დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა იქნება პირველი ნაბიჯი, რომ ქვეყანა "ქართულ ოცნებასთან" ერთად არ ჩაიძიროს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.