მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ახალ წელს ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი
01.01.25 00:25
11704

მოგესალმებით, როგორც თქვენი პრეზიდენტი, მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ეს 2024 წელი, რომელიც მთავრდება, იყო არაჩვეულებრივი წელი. შეიძლება, მხოლოდ კარგი არ გვახსოვდეს, მაგრამ კარგიც უნდა გავიხსენოთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბოლოს დადგება ის დრო, როცა დავუბრუნდებით ერთობას, რადგან სწორედ ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე.

„ეს იყო წელი დიდი ერთიანობის, ჩვენ, ყველანი ვიყავით ერთსულოვანი, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში ვიყავით აღტაცებული და გახარებული ამ არაჩვეულებრივი ნაბიჯით. ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებული, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით, ჩვენ ვიყავით ერთიანი და გახარებული, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე, როცა ქართული დროშას ვუყურებდით და ქართულ ჰიმნს ვუსმენდით. ჩვენ ვიყავით ყოველთვის ერთად და ვიქნებით ყოველთვის ერთად, რადგან საქართველო არის ძალიან ძლიერი.

ამ წელმა სხვა რაღაცებიც მოგვიტანა. ეს წელი იყო „რუსული“ კანონების, რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების ჩვენი ხალხის, სულის, მომავლის წინააღმდეგ. ამდენად, არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში. შეიძლება, ერთი გავიხსენოთ, შეიძლება, მეორე გავიხსენოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გავიარეთ ეს წელი, მოვედით ბოლომდე. დღეს მე გილოცავთ ახალ წელს, ამ ადამიანებთან ერთად რომლებიც არიან ერთი ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების ნაწილის, რომლებიც დაითხოვეს დღეს, გუშინ და გუშინწინ. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომელთაც ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომელთაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან გამარჯვებულნი, ძლიერნი და მომავალი მათია, რადგან სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე. ეს არის საყრდენი, მეხსიერება, ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს. ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე ძვირფასი არის სახელმწიფო. საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არიან, არის სწორედ ის რაც მოგვდის საუკუნეების შემდეგ, ის, რაც შეიქმნა ძნელად, გაუთავებელი ბრძოლებით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ რუსებისგან გარეთ და შიდა რუსებისგან, ბევრი არიან თუ ცოტა, არ ვიცი, ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არარის საქართველოს მხარეს. ეს დაყოფაც არ გაძლებს, ბოლოს დადგება ის დრო, როცა დავუბრუნდებით ერთობას, ერთიანობას. ეს არის რაც ვიცით, ამით გადავრჩებით, ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე, როცა ერთად ვიყავით. დღეს ის, რაც ხდება არის ნამდვილი სასწაული, როცა გაიშალა უზარმაზარი სუფრა რუსთაველზე, რომელიც ერთიანობის, სიყვარულის, მომავლის სუფრაა. ამით ყველგან გავალთ, ყველას და ჩვენ თავს გავაკვირვებთ. ეს არის ჩვენი სული, ძალა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. მინდა, ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი. გამარჯვების წელი, რომ ყველაფერი დავძლიოთ რაც ჩვენში შეიძლება, არ იყოს საკმარისი, შეიძლება, იყოს ცუდი და ვიქნებით ყველანი გამარჯვებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები