სალომე ზურაბიშვილს ეს შენობა [პრეზიდენტის ადმინისტრაცია] მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული. ეს შენობა ეკუთვნის ქართველი ხალხის პრეზიდენტს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის წინაშე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის რეზიდენცია არ არის სალომე ზურაბიშვილის პირადი ფუფუნების საგანი, შესაბამისად პაპუაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მრჩევლები მას სწორ მიმართულებას მისცემენ.
„საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მისი მრჩევლები, ვისაც შერჩენილი აქვს საღი აზრი, რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს შენობა [პრეზიდენტის ადმინისტრაცია] მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს თავის წინაპრებზე. ეს შენობა ეკუთვნის ქართველი ხალხის პრეზიდენტს ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, გაითვალისწინებენ ყველა შემთხვევაში იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი ვერ წავლენ.
დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია. ის ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ არის მისი პირადი ფუფუნების საგანი. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეც მოიქცევა მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ღია რჩევებს და სურვილებს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომ გამაგრდნენ ამა თუ იმ შენობაში, რაც არასერიოზულია“, - ამბობს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი დასძენს, რომ სამწუხაროა, რომ ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს იმისთვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებს და მომავალ პრეზიდენტს დაუტოვოს ამ მხრივ რთული მემკვიდრეობა.