„საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას გაზრდილი წილით შეძლებს - არსებული 25%-ის ნაცვლად 40%-ის ოდენობით. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ავტორების თანახმად, ცვლილებები გამოიწვევს საინვესტიციო ფონდების ბაზრის მეტად სტიმულირებას, რამდენადაც დღეს მოთხოვნა სახელმწიფოს მონაწილეობაზე უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, მეტი საინვესტიციო ფონდი დაფუძნდება და უახლოეს რამდენიმე წელში საინვესტიციო ფონდების აქტივების ზომა გაორმაგდება.
მისივე თქმით, თავის მხრივ, საინვესტიციო ფონდების განვითარება დადებითად აისახება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არასაბანკო დაფინანსების წვდომის მიმართულებაზე.
„ცვლილებების მიზანია, რომ მეტი სტიმული ჰქონდეთ საინვესტიციო ფონდებს. ახლა 2022 წლის დადგენილებით სახელმწიფოს ჯამური ზედა ზღვარი ფონდებში მონაწილეობის მიმართულებით 25% იყო. ჩვენ ამ ცვლილებით ვზრდით მონაწილეობის ზღვარს 40%-მდე. ეს 40% ხელოვნურად არის განსაზღვრული, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება კონკრეტულ საინვესტიციო ფონდში და არ ფლობდეს საკონტროლო პაკეტს. ეს ბაზარი უფრო ვითარდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უფრო ხელი უნდა შეუწყოს.
დღეის მდგომარეობით 19 საინვესტიციო ფონდი არის და მათი ჯამური პორტფელი 200 მილიონი ლარია. ჩვენ ველოდებით ამ პორტფელის გაორმაგებას მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არის ძალიან სასარგებლო, რადგან ჩნდება საბანკო დაფინანსების ალტერნატივა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, 2024 წლის მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების ბაზარზე ოპერირებდა 8 რეგისტრირებულ/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო ფონდების ჯამური აქტივების ზომა კი 200 მილიონი ლარი იყო, რომელიც 19 საინვესტიციო ფონდში იყო აკუმულირებული.




























