მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ რეგიონში ₾25 000-მდე ინოვაციების საგრანტო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო - GITA

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
BM. GE
04.09.23 13:09
23

საქართველოს სამ რეგიონში სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალური საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამოაცხადა.

სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, პროექტების განხორციელებისთვის  დამატებითი რესურსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას“, - აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა GITA-სთან სამი  სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი.

„აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 4 სექტემბრიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“ მოიცავს. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნია, რომ გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის შესაბამის რეგიონში დაარეგისტრიროს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები