კახეთში მდებარე ბიო მეურნეობა „სამყურა“ წელს წარმოების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. როგორც მეურნეობის დამფუძნებელმა, ნიკა ბაგალიშვილი BM.GE-სთან განაცხადა, წარმოება დაახლოებით 70%-ით გაიზრდება.
მისივე თქმით, ზრდა ძირითადად ინფრასტრუქტურის გაფართოებას უკავშირდება, მათ შორის ახალი სათბურების დამატებას.
„შევიძინე მიწის ნაკვეთი და სამ სათბურს ვამატებ, რის შედეგადაც ერთი ჰექტარიდან ოთხ ჰექტარამდე ავედი. მიწის ნაკვეთი ჩემს ტერიტორიასთან ახლოს შევიძინე. ერთ სათბურში დაახლოებით 150 000 ლარის ინვესტიცია ჩავდე“, – აღნიშნა ბაგალიშვილმა.
მეურნეობაში განმარტავენ, რომ გაზრდილი წარმოება მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული და რეალიზაციის პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს.
„პროდუქცია ძალიან სწრაფად იყიდება და მომხმარებელიც უხვად არის. შესაბამისად, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას ვერ ვგრძნობ“, – ამბობს ის.
მეურნეობა ასევე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, წელს სატესტო რეჟიმში ჯანჯაფილის წარმოებას დაიწყებენ.
ბიზნესის განვითარების პარალელურად, „სამყურამ“ გასულ წელს საკუთარი საცალო სივრცეც გახსნა. მაღაზია, რომელიც ქავთარაძის ქუჩა №35 მდებარეობს, სრულად ორგანულ პროდუქციაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს როგორც საკუთარი, ისე სხვა ფერმერების პროდუქტებს სთავაზობს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალი ობიექტების დამატება არ იგეგმება და ყურადღება არსებული სივრცის სრულად ათვისებაზეა გადატანილი.
„ახალი ობიექტის დამატებას არ ვგეგმავ. სივრცე უნდა ავითვისო სრულად და რომ გავაკეთებ, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი იქნება ჩემი ბოსტნეულის მოცულობისთვის“, – ამბობს ბაგალიშვილი.
რაც შეეხება ფასებს, „სამყურას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ფასები არ შეუცვლია და წელსაც იგივე ფასს სთავაზობს მომხმარებელს, რაც შარშან ჰქონდათ.




























