მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ წელში თბილისის თიზ-ში $10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება - გეგმაშია ტერიტორიის გაფართოებაც

646b6874256fa
ელენე გოგბერაშვილი
23.05.23 09:30
1037
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგი“ თიზ-ის განვითარებაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც „ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თიზ-ის მმართველმა პარტნიორმა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, დაგეგმილია რებრენდინგიც. სოსო ნიბლაძე არ გამორიცხავს, „ზოტი ჰოლდინგმა“ თიზ-ის გაფართოებაზეც დაიწყოს მუშაობა.

„გარდა ე.წ მაინინგ მიმართულებისა, რომელიც Bitfury-ის ძირითადი ხაზი იყო, თიზ-ში წარმოდგენილები არიან სავაჭრო კომპანიები რეგიონული ქვეყნებიდან, მნიშვნელოვნად წარმოდგენილია ფარმაცევტული სექტორი და ჩვენ ვაპირებთ მხარში ამოვუდგეთ მათ ინფრასტრუქტურის მხრივ და შევქმნათ თიზ-ში ფარმაცევტული ჰაბი.

ვიწყებთ პირველი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს იქნება სასაწყობე მეურნეობის ცენტრი, მზა შენობა-ნაგებობების სახით, კომუნიკაციით.

ვფიქრობთ, უახლოეს 3 წელიწადში 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. არ გამოვრიცხავ ეს რიცხვი შეიცვალოს. დავიწყებთ ინტენსიურ კამპანიას, რებრენდინგის მიმართულებითაც. სავარაუდოდ, 3-6 თვემდე პერიოდში შეგვეძლება ვთქვათ, რა სიახლეები გვექნება“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გლდანის მიმდებარედ, 17 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული. როგორც ნიბლაძე ამბობს, ტერიტორია მხოლოდ 35-40%-იანი დატვირთვით მუშაობს.

„იქ არის სხვადასხვა მაინინგ კომპანიების ტექნიკური წარმომადგენლობა. ვფიქრობ,  მილევად რეჟიმში მყოფი პროექტების გადინება მოხდება და შეიძლება მეტი სივრცე გამოჩნდეს. არ გამოვრიცხავთ ეტაპობრივად დავიწყოთ ფიქრი თიზ-ის გაფართოებაზეც“,-ამბობს თიზ-ის მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები