მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამართალდამცავების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების დევნა და ძალადობრივი შეუწყნარებლობა" - რა წერია აქციებზე სახალხო დამცველის ანგარიშში?

აქციები

საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის, შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში საუბარია, 2024 წლის საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის შესახებ. როგორც ანგარიშში წერია, "მძიმე უფლებადარღვევათა წყობა, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო".

დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებული სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის საპროტესტო აქციებთან კავშირში სახალხო დამცველის აპარატმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

• სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში, მასშტაბური;

• რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე;

• შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას;

• შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარკვეულ შემთხვევებში, უარს ამბობს ეთანამშრომლოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული პირების ამოცნობაში. ამით, გამოძიებას, ხელი ეშლება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში;

• არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი იმ შემთხვევაშიც არ დამდგარა, როდესაც მათი ამოცნობა;

• გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ;

• ზამთრის საპროტესტო აქციების დროს გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც მიუთითებდნენ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ;

• გამოიკვეთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვნებისა და შშმ პირის მიმართ;

• შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია რომელიმე პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე და დაკავებული მიუთითებდა სხვადასხვა უფლებადარღვევასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე;

• აქციების მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც სრულად არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამის გარანტიებს. უფლებრივი გარანტიების არარსებობის ფონზე, პარლამენტმა არსებითად გაამკაცრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები;

• ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და მათ უკანონო დაკავებაზე მიუთითებენ, პოლიციას ჩხრეკა-ამოღების განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა;

• სახალხო დამცველის აპარატისათვის გართულებულია დაკავებული პირების მოძიება და ადგილსამყოფელის დადგენა დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები