საქართველოს ჯანდაცვის ასოციაცია, რომელიც 80-მდე კლინიკას და 35-მდე ამბულატორიულ დაწესებულებას აერთიანებს, ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართავს და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს.
ქვეყნის სამედიცინო კლინიკების ყველაზე მსხვილი გაერთიანების ოფიციალური წერილი ჯანდაცვის უწყებას დღეს გაეგზავნა.
კლინიკებისთვის პრობლემას ქმნის დღემდე 10 წლის წინ დადგენილი ტარიფებით მუშაობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კურსთაშორის სხვაობის გამო გაიზარდა როგორც სახარჯი მასალების, ისე მედიკამენტების ღირებულება და მას დაემატა გაზრდილი კომუნალური ხარჯებიც.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კლინიკები სამინისტროს და ზოგადად მთავრობას მათი არგუმენტირებული მოსაზრებების გაზიარებას სთხოვენ. სექტორმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა როგორც მინისტრი, ისე პრემიერი. ამის შემდეგ აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზეც, თუმცა რას აპირებს ტიკარაძის უწყება სამედიცინო ბიზნესისთვის ჯერ ცნობილი არ არის.
„დღეს მივმართეთ წერილით ჯანდაცვის სამინისტროს და ვთხოვეთ ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრა.
2013 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ტარიფები ფაქტობრივად არ შეცვლილა, იცით რომ ეს არის მომსახურების ფასი, რომელსაც კონკრეტული დაწესებულება ადებს კონკრეტულ მომსახურებას. 2013 წლის შემდეგ ყველაფერი გაძვირდა, ტარიფები კი შედგენილია 2013 წელს, როცა დოლარის კურსი იყო 1,66 თუ 1,67. ამის შემდეგ ნებისმიერი სახის პროდუქტი და მომსახურების ფასი გასამმაგდა. წარმოუდგენელია, როცა კურსი 3 ლარზე ზემოთაა ისევ იმ ტარიფებით მოხდეს დაანგარიშება, რაც 2013 წელს დაადგინეს. ეს მძიმე მდგომარეობაში აგდებს სამედიცინო დაწესებულებებს.
იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი თანამშრომლობით რაიმე შედეგს მივაღწევთ და წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება. იმედი გვაქვს, რომ ჯანდაცვის ასოციაციის წევრი 80-მდე კლინიკის და 35-მდე ამბულატორის წარმომადგენლის აზრს გაითვალისწინებენ. ამის გარეშე სამედიცინო ბიზნესი ვერ იფუნქციონირებს“, - აცხადებს ნინო კიკნაძე, სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი და იურისტი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ კლინიკებმა სამინისტროს მოთხოვნილი კალკულაცია გაუგზავნეს, თუმცა ამჯერად სამინისტრო სამედიცინო სექტორს თითოეული სამედიცინო შემთხვევაზე დეტალურ კალკულაციას ელექტრონული ფორმით გადაგზავნას სთხოვს. კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რაც დაანახებს სამინისტროს რა არის რეალურად კლინიკის ხარჯი და რაც მათი აზრით, არის საფუძველი უწყებამ დაიწყოს მსჯელობა ტარიფების გადახედვაზე, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ფორმით სამინისტრო სავარაუდოდ, პროცესების გაჭიანურებას ცდილობს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელექტრონულად კალკულაციის გადაგზავნის ვალდებულება 1 ოქტომბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა როგორც სამედიცინო ასოციაციაში ამბობენ, იმის გამო, რომ სისტემა ხარვეზებით მუშაობს და თავად სამედიცინო დაწესებულებებსაც მის შინაარსთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ, მისი ამოქმედება 1 იანვრამდე გადაიდო.
ჯერ უცნობია როდის შეხვდება ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებს. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, აპირებს თუ არა, ან როდის აპირებს მთავრობა სამედიცინო სექტორისთვის წლების წინ დადგენილ ტარიფებს გადახედოს. თავად კლინიკებიც არ უარყოფენ, რომ შექმნილი რთული ფონი პირდაპირ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ახდენს გავლენას და ამას თითოეული პაციენტი ალბათ საკუთარ თავზე გარკვეულწილად გრძნობს.