ბოლო წლებში სამედიცინო დავების რიცხვი იზრდება. იურისტები ამბობენ, რომ ინფორმირებული თანხმობა, საექიმო შეცდომები და ხშირად უმოქმედობაა მიზეზი, რის გამოც პაციენტები კლინიკების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. მათი შეფასებით, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში პაციენტების მხრიდან კლინიკების მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მიმართვიანობა განსაკუთრებით გაიზარდა. თემაზე კვირის ბოლოს სამედიცინო სამართლის კონგრესი გაიმართება, სადაც არსებული გამოწვევების განხილვა მოხდება.
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის ომბუდსმენი მეგი საჯაია “საქმის კურსში” სტუმრობისას ამბობს, რომ ხშირად სამედიცინო დავის საფუძველი ინფორმირებული თანხმობის ნაწილში არსებული ხარვეზებია.
ინფორმირებული თანხმობა ეს არის დოკუმენტი, რომელიც ივსება სამედიცინო ჩარევის დროს და წარმოადგენს პაციენტსა და კლინიკას შორის შეთანხმების დოკუმენტს, სადაც განმარტებულია როგორც ჩარევის შინაარსი, ისე მოსალოდნელი რისკები. თუ ეს დოკუმენტი არაჯეროვნად არის შესრულებული და პაციენტსაც სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდეს, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი იმის, რომ პაციენტმა კლინიკის წინააღმდეგ იდავოს.
მისი თქმით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმირებული თანხმობის ფორმას პაციენტები ხელს ოპერაციაზე შესვლამდე აწერენ ხელს და ხშირ შემთხვევაში დოკუმენტზე ხელს მათ არა ექიმი, არამედ კლინიკის სხვა პერსონალი აწერინებს, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.
“ძალიან ხშირად პრობლემის სათავე აღმოჩნდება ხოლმე არასათანადო, არაჯეროვანი ინფორმირებული თანხმობა. საქართველოს კანონმდებლობით პაციენტს აქვს უფლება, რომ ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, იქნება ეს მცირე მანიპულაცია, უბრალოდ ვიზიტი ექიმთან და ოპერაცია, ექიმმა უნდა წარმოადგინოს დეტალურად პაციენტის დაავადების შესახებ ინფორმაცია, რისკები, ალტერნატიული გზები, მედიკამენტების გართულებაზე მიაწოდოს ინფორმაცია და ა.შ. ზოგ შემთხვევებში არის ეს ზეპირი, ზოგ შემთხვევებში არის წერილობითი.
წერილობითი ხასიათი არ გულისხმობს, მხოლოდ ოპერაციამდე დოკუმენტაციაზე ხელის მოწერას. პაციენტს ხელი უნდა მოაწერინონ იქამდე, მას შემდეგ როცა მოხდება ამ ყველაფრის ახსნა. ეს უნდა იყოს პაციენტის გასაგებ ენაზე და არა სამედიცინო ენაზე.
გამოვიკითხეთ 409 პაციენტი და აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებმა იციან ინფორმირებული თანხმობის შესახებ, თუმცა როდესაც მათ ამ დოკუმენტის საჭიროება დაუდგათ, ხელი მოაწერინეს უშუალოდ ოპერაციამდე შესვლის წინ. ხელი მოაწერინა ექთანმა და ა.შ. ეს უნდა მოხდეს მანამდე, რომ პაციენტმა იცოდეს ოპერაციის შესაძლო გართულებაზე და მან უნდა შეაფასოს რისკი ექიმთან ერთად. თუ ინფორმირებული თანხმობის სტანდარტები იქნება დაცული არსებული დავების რიცხვი შემცირდება. სამწუხაროდ, დღეს დავების უმეტესობა ამ ნაწილზე მოდის”, - ამბობს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის ომბუდსმენი მეგი საჯაია.
ის საუბრობს ექიმების უფლებებზეც, რომელიც ხშირად ირღვევა. მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევის დადგომის შემდეგ ხშირად დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება ხდება, რაც ექიმის და კლინიკის რეპუტაციის და იმიჯის შელახვას იწვევს. მისი თქმით, ამ ნაწილში ურთიერთობები კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.
“ექიმთა უფლებებიც ირღვევა. ექიმის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამედიცინო განათლება მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსებს, დროს, ფაქტობრივად ძალიან დიდ რესურსს დებენ ჯანმრთელობის ფასად, რომ ემსახურონ პაციენტებს. როცა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება მედიით და ეს მათ იმიჯზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება ძალიან ცუდად. ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა მოვაქციოთ სამართლებრივ ჩარჩოებში ურთიერთობა, იქნება ეს ექიმების, პაციენტების, მედიის, რადგან ამ დაუსრულებელი დაპირისპირებით საბოლოოდ ყველა მხარე ზარალდება.
ცალკეული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებით ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოცულობა 50 000, 100 000, 200 000 და უფრო მეტი თანხებია. თუ არის დარღვეული გარკვეული სამართლებრივი ჩანაწერები დოკუმენტაციაში, ან თუ სახეზეა ზიანი და თუ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ოპერაციასა და ზიანს შორის სასამართლო აკისრებს სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს ზიანის ანაზღაურებას”, - აცხადებს ის.