მორალური და მატერიალური ზიანი - სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პაციენტები უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისგან გადაცდომის შემთხვევაში სწორედ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. როგორც იურისტები აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი მასშტაბი შეიძინა სამედიცინო დავებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ქართული სასამართლო სისტემისთვის მაინც ახალია.
„განსაკუთრებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა პაციენტთან სარჩელები და პრეტენზიები კლინიკების მიმართ, რომელიც განპირობებულია არაჯეროვანი თუ არასათანადო სამედიცინო მომსახურეობიდან გამომდინარე. დავა ეხება როგორც მორალური ზიანის, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. თუ გარდაცვალება მოხდა აქ გვაქვს პრეცედენტები, როცა სარჩოსაც ედავება პაციენტის ოჯახი სამედიცინო დაწესებულებას.
რამ განაპირობა პაციენტთა მომართვიანობის გაზრდა? ამ კითხვაზე პასუხი მექნება შემდეგი, რომ ამის საფუძველი პირდაპირ დაკავშირებულია პაციენტების ცნობიერების გაზრდასთან და ინფორმირებულობის გაზრდასთან“,-აცხადებს bm.ge-სთან ადვოკატი, პროფესორი, სამედიცინო დავების ცენტრის დამფუძნებელი ნინო ლიპარტია.
საექიმო გადაცდომასთან ერთად, მთავარი საფუძველი, რაც პაციენტის მხრიდან კლინიკის მიმართ დავას უდევს, ე.წ ინფორმირებული თანხმობის დარღვევაა. როგორც იურისტები განმარტავენ, ინფორმირებული თანხმობა ეს არის დოკუმენტი, რომელიც ივსება სამედიცინო ჩარევის დროს და წარმოადგენს პაციენტსა და კლინიკას შორის შეთანხმების დოკუმენტს, სადაც განმარტებულია როგორც ჩარევის შინაარსი, ისე მოსალოდნელი რისკები. თუ ეს დოკუმენტი არაჯეროვნად არის შესრულებული და პაციენტსაც სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდეს, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი იმის, რომ პაციენტმა კლინიკის წინააღმდეგ იდავოს.
„ინფორმირებული თანხმობა ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ივსება სამედიცინო ჩარევის დროს, რომელიც წარმოადგენს პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულებას შორის შეთანხმების დოკუმენტს პოტენციური ჩარევის შესახებ, რის ფარგლებშიც სამედიცინო დაწესებულება აწვდის და განუმარტავს პაციენტს სამედიცინო ჩარევის საშუალებას, ფარგლებს, შინაარსს და რისკებს. აუცილებელია და საკანონმდებლო ჩანაწერია, რომ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ამ ჩარევის შესახებ. ხოლო ეს ინფორმირება აუცილებელია განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადოდ შევსებული დოკუმენტის საფუძველზე. მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს პირისთვის გასაგებ ენაზე განმარტებული.
ხშირია პაციენტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მე რომ მცოდნოდა ამ ჩარევის პოტენციური საფრთხეზე, მე ამ ჩარევაზე უარს განვაცხადებდი. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ჩარევამდე დეტალური ინფორმირება პაციენტის. თუ ეს დოკუმენტი არასათანადოდ არის შედგენილი და პაციენტის ინფორმირების სტანდარტი დადგენილ წესებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ ეს ზიანის ანაზღაურების საფუძველია“,- განმარტავს ნინო ლიპარტია.
როგორც იკვეთება სამედიცინო დავების შემთხვევაშიც არსებობს პრობლემები. იურისტ იოსებ გაბარაევის განმარტებით, ეს პრობლემები დაკავშირებულია საკანონმდებლო ხარვეზთან. კერძოდ, როგორც მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დავების დროს ვერ ხდება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან ვერ ხდება შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტის მოძიება, რის გამოც საქმეების ნაწილი დღემდე თაროზე დევს.
„დღეს რამდენიმე საქმე თაროზეა შემოდებული, რადგან ვერ დაიძებნა ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტი, რომელიც თანხმობას განაცხადებს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო უწყების მიერ დანიშნულ ექსპერტიზაში. ბიუროს და რეგულირების სააგენტოს პასუხი არის, რომ არ არსებობს მარეგულირებელი ნორმა, რომელიც დაავალდებულებს ექსპერტებს მიიღონ მონაწილეობა ექსპერტიზაში, რაც არის მნიშვნელოვანი ხარვეზია კანონმდებლობაში, რადგან თუ მხარე გადაწყვეტს და მიმართავს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოს, ბუნებრივია სახელმწიფოს დიდი ალბათობით დაუდგინდება ვალდებულების დარღვევა, ვინაიდან იმის გამო, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის მავალდებულებელი ნორმა [ ასეთია ბიუროს პოზიცია] ევერ ხდება იმ ექსპერტების დავალდებულება კანონით, რომ მონაწილეობა მიიღონ დანიშნულ ექსპერტიზაში“,- აცხადებს გაბარაევი.
„არის მოცემულობა, რომ სასამართლოს უნდა წარვუდგინოთ ექსპერტიზა, ან პაციენტმა ან კლინიკამ, რომელიც პაციენტის პოზიციიდან გამომდინარე დაასაბუთებს არაჯეროვან სამედიცინო ჩარევას და კლინიკის შემთხვევაში კლინიკის მხრიდან დაადასტურებს არაბრალეულობას თუ ა.შ
ვინაიდან ექსპერტიზის ბიურო უარს აცხადებს ექსპერტიზის გაცემაზე, ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან დოკუმენტი არ გვაქვს, რომელსაც დავეყრდნობით ან ერთი ან მეორე მხარე. შესაბამისად სასამართლოს სამართალწარმოება რომ არ შეფერხდეს ამისთვის უმეტეს შემთხვევაში მივმართავთ ხოლმე სხვა აკრედიტებულ, თუ არააკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებას“,- აცხადებს ნინო ლიპარტია.
პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე იურისტები არ საუბრობენ, რომელ კლინიკებში ირღვევა ყველაზე ხშირად პაციენტის უფლებები, თუმცა სადავო საქმეებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ პაციენტები სასამართლოს ძირითადად ინ ვიტრო განაყოფიერების, დონაცია სუროგაციისა და პლასტიკური ქირურგიის დროს მომხდარი გადაცდომების დროს მიმართავენ.