საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, საქართველოში ყველა ტიპის ქიმიური წმენდის ობიექტი ახალი წესებით უნდა მოეწყოს. წესები პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება, თუმცა იქამდე, ქიმწმენდებმა რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. Მათ შორის, ქიმიური წმენდის ობიექტებისთვის აკრძალულია საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების შენობებში განთავსება. ამასთან, შეზღუდულია აღნიშნული შენობების სიახლოვეს განთავსებაც. კერძოდ, დიდი ქიმწმენდები აღნიშნული შენობებისგან, მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყვნენ დაშორებულნი, ხოლო მინი ქიმწმენდები - 50 მეტრით.
ტოქსიკოლოგი, ინგა ღვინერია BM.GE-სთან აცხადებს, რომ ეკოლოგია მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული გამონაბოლქვისა თუ სხვა ფაქტორების გამო. ქიმიური წმენდის ობიექტები კი, კიდევ უფრო აუარესებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
მისივე შეფასებით, ასეთი ობიექტების მიერ გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებები, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და სხვადასხვა დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
„საწარმოები, სადაც ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება საწარმოებლად, მეტად საგულისხმოა. რადგან, მათ შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. პირველ რიგში, გავლენას იქ დასაქმებულ ადამიანებზე ახდენს, რომლებსაც მათთან უშუალო შეხება აქვთ.
ქიმიური წმენდის ობიექტების მთავარი საწყისი სხვადასხვა კატეგორიის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაა, რომელსაც ისინი წარმოებაში მოიხმარენ. ამ ნივთიერებების შერევა, გამოყენება და შემდეგ ატმოსფეროში გაფრქვევა ხდება, რომელსაც ადამიანებიც შეისუნთქავენ. ქიმიური ნივთიერების მდგომარეობა, სტანდარტი და ნორმატივი ყველაფერში იზომება. რადგან მას ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
ამ ქიმიურმა ნივთიერებებმა, თუ ისინი ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან, შეიძლება გამოიწვიონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რესპირატორული დაავადებები და ხანგრძლივი მოქმედების შედეგად, თუ გამოყენებული ნივთიერებებისგან რომელიმე კანცეროგენია, შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნეც განავითაროს. თუმცა, ეს ადამიანის ორგანიზმზე და მის მიდრეკილებებზეა დამოკიდებული. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სამედიცინო სტატისტიკა მავნე ნივთიერებებისაგან დაავადებული ადამიანების შესახებ, საგანგაშოდ მზარდია,“- აცხადებს ღვინერია.
მისივე შეფასებით, ახალი რეგლამენტი, რომელიც გასულ კვირას მიიღეს და ქიმიური წმენდის ობიექტების ახალი წესით ფუნქციონირებას გულისხმობს, დროული იყო. იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული რეგლამენტი ადრეც იყო მიღებული, ახალ რეგლამენტში ყველა საკითხი უფრო დაკონკრეტებული და დახვეწილია. ტოქსიკოლოგი ასევე ამბობს, რომ ახალი წესის თანახმად, დასაქმებულებმა სამედიცინო შემოწმება პერიოდულად უნდა გაიარონ.
გარდა ამისა, ღვინერია აცხადებს, რომ სხვადასხვა საწარმოები, სადაც დახურულ სივრცეში პროცესები მიმდინარეობს და ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი მონიტორინგიც მნიშვნელოვანია.
ინფორმაციისთვის, ქიმიური წმენდის ობიექტების ზედამხედველობა, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. მის მონიტორინგს შრომის უსაფრთხოების სამსახურის ინსპექცია განახორციელებს.