თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების გარდა, უცხოელი პაციენტების მოზიდვასაც გეგმავს. შესაბამისი მომსახურების ₾500 000-იანი შესყიდვა თსსუ-მ გამარტივებულად გამოაცხადა.
როგორც შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებულ განმარტებაშია აღნიშნული, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაინტერესებულია სამედიცინო მომსახურების ექსპორტითაც.
“უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში მოზიდვა არის მომსახურების ექსპორტის განსაკუთრებული სახე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზაციისათვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის სრულყოფას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესზე.
გარდა უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა, მომსახურების ექსპორტის ასეთივე განსაკუთრებულ სახეობას განეკუთვნება სამედიცინო ტურიზმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პრიორიტეტულია და ამ მიზნით გარკვეული აქტივობებიც ხორციელდება. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაინტერესებულია ამ ტიპის მომსახურების ექსპორტით, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სტანდარტების მქონე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკები, რომელთაც გააჩნიათ იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწიონ უცხოელ პაციენტებს.
დღის წესრიგში დადგა უცხო ქვეყნებში იმ პროვაიდერებთან თუ სააგენტოებთან თანამშრომლობის საკითხი, რომლებიც ეწევიან უცხოელი სტუდენტების და პაციენტების ჩამოყვანას და ამასთანავე, (პარალელურად) ამ კუთხით პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს”, - წერია დოკუმენტაციაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით bm.ge სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ირაკლი ნატროშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თსსუ ამ დრომდე უცხოელი პაციენტებისთვის მომსახურებას არ სწევდა, ახლა კი, ეს მხოლოდ სტომატოლოგიური სერვისის მიწოდებას ეხება.
"აქამდე ჩვენ არ გვქონია. ეს სტომატოლოგიას ეხება მხოლოდ. ახლა გვინდა, რომ ეს სერვისი დავნერგოთ", - აღნიშნა მან.
შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, თსსუ-ს მიერ უცხოელი სტუდენტების და პაციენტების მოზიდვის მომსახურების მიღება 2026 წლის განმავლობაში განხორციელდება.




























