მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამეფო კარის თამაშების” ავტორები ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ს უჩივიან

სამეფო კარის თამაშები

ამერიკელი ავტორები, ჯორჯ მარტინი და ჯონ გრიშამი ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან - მიზეზი OpenAI-ის მიერ მარტინის ცნობილი წიგნების სერიის - “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” - ChatGPT-ის წვრთნაში გამოყენებაა. 

ChatGPT და სხვა დიდი ენის მოდელები (LLM - Large Language Models) ონლაინ წყაროებიდან მოპოვებული მასშტაბური ინფორმაციის ანალიზით “სწავლობენ”. სასამართლოში წარდგენილი საქმე კი ამტკიცებს, რომ OpenAI-მ მარტინის წიგნები ჩატბოტის გასაწვრთნელად ავტორის ნებართვის გარეშე გამოიყენა. თავად ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ ავტორთა უფლებებს პატივს სცემს და სჯერა, რომ მათაც შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტით გარკვეული სარგებელი მიიღონ.

მარტინის გარდა, ChatGPT-ის წინააღმდეგ საჩივარს ხელს აწერენ სხვა ცნობილი ავტორებიც. საქმე მანჰეტენის ფედერალური სასამართლოსთვისაა გადაცემული, “ავტორთა გილდიის” მიერ, რომელიც სასამართლოში მომჩივანთა ინტერესებს დაიცავს. ორგანიზაცია OpenAI-ის “მასობრივ მასშტაბებზე სისტემურ ძარცვაში” ადანაშაულებს. 

ანალოგიური სამართლებრივი დავა OpenAI-ის წინააღმდეგ გასულ ზაფხულს იუმორისტმა სარა სილვერმენმაც წამოიწყო და კომპანიას ღია წერილით მიმართა, სადაც მათი ნამუშევრის გამოყენებისთვის კომპენსაციას სთხოვდა.

“მსოფლიოს გარშემო ავტორებთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვაქვს, მათ შორის “ავტორთა გილდიასთანაც”, ვმუშაობთ ერთად, რათა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემები განვიხილოთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველასთვის სასარგებლო გზას ვიპოვით, ერთად მუშაობის გასაგრძელებლად”, - თქვა OpenAI-ის წარმომადგენელმა უცხოურ მედიასთან.

ჯორჯ მარტინის წიგნზე “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”  HBO-ს სატელევიზიო შოუ, “სამეფო კარის თამაშებია” დაფუძნებული, რომელიც ტელეეკრანებზე 2011 წლიდან გამოჩნდა, მის მერვე, საფინალო სეზონს კი, საერთო ჯამში 44 მილიონმა ადამიანმა უყურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები