მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორში გაზსაცავის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა - მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის თქმით, გაზსაცავის პროექტისთვის შერჩეული ადგილი სამგორში მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა.

მისივე თქმით, გაზსაცავის ახალ პროექტზე ხედვას USAID მოამზადებს. როგორც პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიქაუტაძემ თქვა, საკუთარი შეფასების მომზადება აშშ-ის სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მთავრობამ სთხოვა. 

"ძალიან მალე, შესაძლოა, ერთ თვეშიც წარმოვადგენთ კონცეფციას, თუ რა ზომის გაზსაცავია დღევანდელ ვითარებაში ჩვენთვის მისაღები. არსებული პროექტით გაზსაცავის ადგილი სამგორში იყო. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადგილას, სამგორში მომატებული სეისმური საფრთხეა, შესაბამისად, იქ არც პატარის და არც დიდის მშენებლობა არ შეიძლება. დაახლოებით ერთ თვეში, ან შესაძლოა, უფრო ადრეც, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ რა ზომის უნდა იყოს გაზსაცავი და მისი სავარაუდო ადგილიც", - ამბობს მიქაუტაძე.

მისივე თქმით, სხვადასხვა ადგილი განიხილება მათ შორის შავ ზღვაში ტერმინალის მშენებლობაც, სადაც იმ მოცულობის გაზს შეინახავენ, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება. 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [KFW] სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც გასულ წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები