მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი ფაქტორი, რის გამოც ფოთში ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა - მენეჯმენტის განმარტება

5dea55b94da56
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 16:10
2617
2019 წლის განმავლობაში ფოთის პორტში ტვირთბრუნვა მკვეთრად გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, პორტმა იანვარ-ოქტომბერში 439,388 კონტეინერი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით, 48%-ით მეტია. ტვირთების ჯამური მოცულობა კი 7.2 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 41%-ით მეტია.

კითხვაზე თუ რა ფაქტორებმა გამოიწვიეს პორტის დატვირთვის ზრდა ფოთის ნავსადგურის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals-ის გენერალური დირექტორი კლაუს ლოურსენი ამბობს, რომ ტვირთბრუნვის ზრდა სამ ძირითად მიზეზს - სომხეთის მხრიდან საბაჟო კანონმდებლობის ცვლილებას, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას და ირანთან მიმართებით საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება.

“2019 წელი ფოთის პორტისა და APM Terminals-ისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო. ჩვენ ვიხილეთ ზრდა, რომელიც დაახლოებით 50%-ს შეადგენდა.

ნაკადების ზრდა მოდის სამი ძირითადი მიმართულებიდან, მათგან ერთ-ერთი სომხეთის მიერ მეორადი ავტომობილების იმპორტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელმაც ტვირთების მოძრაობაზე მოახდინა დადებითი გავლენა. ამასთანავე, ერთ-ერთი მიზეზია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი, რის გამოც ცენტრალური აზიის ტვირთები უკრაინის გვერდის ავლით მოძრაობენ. მესამე მიზეზი კი ირანთან მიმართებით შექმნილი დაძაბულობაა, დაწესებულმა ემბარგომ ირანულ პორტებზე მოახდინა გავლენა და ტვირთების სხვა მარშრუტებზე გადანაწილება გამოიწვია. ცხადია, რთულია ვთქვათ, რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული ფაქტორი”,- ამბობს ლოურსენი.

გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, APM Terminals ახალი ნავმისადგომისა და ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, პროექტზე $250-$300 მილიონის დახარჯვისთვის არიან მზად. 

თუმცა, ახალი მისადგომის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც სამინისტროსა და APM-ს შორის ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა. 2019 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ფოთის პორტის საჩივარი, რომლითაც APM-ი სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. 

კლაუს ლოურსენი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალი ნავმისადგომის პროექტირებასთან დაკავშირებით APM-სა და “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს” შორის გარკვეული პროგრესია. ამასთან ლოურსენი ამბობს, რომ ამ პროექტში ფოთის პორტი სახელმწიფოსგან არც ფინანსურ მხარდაჭერას და არც რაიმე სახის გარანტიას არ ითხოვს. 

“ჩვენ გვსურს, გავფართოვდეთ და აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტის დამუშავება და დახვეწა მიმდინარეობს. ამ პროექტში ქართულ კომპანიასთან “ფოთის ახალი ტერმინალების” კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ახალ ნავმისადგომს მშრალი ტვირთის ტერმინალი ექნება. 

ეკონომიკის სამინისტროსგან მხარდაჭერას არ ვითხოვთ, ჩვენ მუნიციპალიტეტთანაც და მთავრობასთანაც კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ, თუმცა არ ვითხოვთ მათგან მხარდაჭერას. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან არც ფინანსურ დაფინანსებას და არც რაიმე გარანტიას. მხოლოდ საჯარო ინფრასტრუქტურასთან მიმართებით გვსურს, რომ გაუმჯობესებული ვითარება ვიხილოთ, მაგალითად იმ ტვირთებისთვის, რომლებიც პორტს ტოვებენ იყოს უკეთესი საგზაო ინფრასტრუქტურა. 

პორტის გაფართოების პროექტზე სრული სვლით მივდივართ, იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება თუ სხვა შეფასებები,” - ამბობს კლაუს ლოურსენი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები