ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმას მოქალაქეებს სწორედ ამ დღეს გააცნობენ.
"შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი", - განაცხადა ანა დოლიძემ.
განცხადება გააკეთა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც და თქვა, რომ ოპოზიცია "ოცნებას" არჩევნებს გაყალბებას არ აპატიებს.
"ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და მომავალზე. ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ფუნდამენტური ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, ისინი ანგარიშს წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც, სადაც აღწერილია 26 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევები.
"ინტენსიურად ვმუშაობთ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც ასევე წარვუდგენთ იმ ანგარიშს რომელზეც ინტერპარტიულად ვმუშაობდით, სადაც არის აღწერილი უამრავი დარღვევა, მათ შორის უგულებელყოფა კონსტიტუციური პრინციპის, ფარულობის პრინციპის ტოტალური, მასობრივი და სისტემური დარღვევა უკვე საკმარისია საარჩევნო შედეგის გასაუქმებლად" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის შეხვედრას "ძლიერი საქართველოს" ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.
რატომ არ ხართ ოპოზიციის ბრიფინგზე და ეთანხმებით მათ გეგმას? - გახარიას პარტიის პასუხი