მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამი პროექტი, რომელთა განვითარებაც ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე დაწყებულია

ბათუმი აილენდი

„ამბასადორი აილენდი” ბათუმში, ხელოვნური კუნძულის პროექტში, 2026 წლის დასაწყისისთვის მიწის 48 ჰექტარის ექსპლუატაციაში მისაღებად ემზადება. მშენებლობის პარალელურად კი, მას შემდეგ, რაც უკვე დამტკიცებულ 26 ჰექტარზე კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, “ამბასადორი აილენდი” სამ მასშტაბურ პროექტს მასპინძლობს, რომელთა განვითარებაც უკვე დაწყებულია.

ამის შესახებ BMG-ის “ბიზნესის კვირეულის” ეთერში “ამბასადორი აილენდის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირველი მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტია, რომელსაც საზოგადოება ფიზიკურად 2026 წლის გაზაფხულზე იხილავს.

„რაც 26 ჰექტარი შევიდა ექსპლუატაციაში და მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ ვარგისად იქნა აღიარებული, ჩვენ უკვე მივიღეთ ულტრათანამედროვე პროექტზე მშენებლობის ნებართვა, დღეს აქ უკვე აქტიურად მიმდინარეობს ფუნდამენტის და ხიმინჯების სამუშაოები და გაზაფხულზე ჩვენ დავინახავთ ხილულ შენობას, რომელიც უკვე მიწის ზევით იქნება. ეს არის 54-სართულიანი შენობა, ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომელიც მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, ღია და დახურულ აუზებს, ლაუნჯს, გასართობ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, დუპლექსებს, ვერტფრენის ასაფრენ-დასაფრენ ჰელიპატს და ეს იქნება პირველი სიგნალი ყველასთვის, რომ ბათუმის კუნძული უკვე ცოცხალია და მასპინძლობს ადამიანებს”, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

მეორე პროექტი, რომელზეც გოჩა კამკიამ BMG-ის ეთერში ისაუბრა, Tonino Lamborghini Tower-ია, რომელსაც FK Development-ი ახორციელებს.

“მეორე უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ახლახან დაანონსდა ამ ლოკაციაზე და რომელსაც დამოუკიდებელი ინვესტორი FK Development-ი ახორციელებს, ექსკლუზიური საკოლექციო უძრავი ქონების, Tonino Lamborghini Tower-ის პროექტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან ჩვენ ისტორიულ ოჯახზე გვაქვს საუბარი და ამ ოჯახის ყურადღება ბათუმის მიმართ, არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის.

იგივე ბრენდი ამ კონცეფციის განვითარებას დეკემბრიდან დუბაიშიც გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულ საკითხებში არა მივსდევთ განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ვასწრებთ კიდეც მათ მსგავსი პროექტების დაანონსებას, რაც არის ძალიან მაგარი მოვლენა”, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.

BMG-ის ინფორმაციით, 120 ათას კვადრატულ მეტრზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მესამე პროექტია, რომელზეც ხელშეკრულება “ამბასადორი აილენდ ბათუმს” უკვე გაფორმებული აქვს. აღნიშნულ პროექტს IG Development-ი განახორციელებს.

“ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მესამე პროექტზე, რომელიც უნდა განვითარდეს ბათუმის კუნძულზე, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კერძოდ, ისეთმა გამორჩეულმა ქართველმა ბიზნესმენმა, როგორიც არის ბატონი მინდია საბანაძე, IG Development-ის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, უკვე დაიწყო ბათუმში ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტის განვითარება, რომელიც დაახლოებით 120 000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული და, ფაქტობრივად, ისეთი კონცეფცია ექნება, რომელსაც საქართველოში ჯერ ანალოგი არა აქვს. ვგულშემატკივრობთ ამ პროცესს და ამასთანავე ვართ მადლიერი ჩვენი ქართველი მეგობრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ინაწილებენ ამ წარმატების ისტორიას და ჩვენ მივესალმებით ამ პროცესს”, - განაცხადა “ამბასადორი აილენდის” დირექტორმა BMG-სთან.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ამბასადორი აილენდის პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები