მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამი სოციალური ჯგუფი, რომელთაც „ოცნების“ რეფორმით განათლების ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ|ანალიზი

შალვა ტაბატაძე

განათლების მეცნიერებათა დოქტორი შალვა ტაბატაძე ასახელებს სამ ძირითად ჯგუფს, რომელთაც „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ. ამასთან, როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, მართალია, რეფორმის შედეგად, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ „შეზღუდვები არ არის ისეთი მძაფრი“, როგორც განათლების სპეციალისტების ნაწილის მიერ არის აღქმული იყო აღქმული. მისივე შეფასებით, მთლიანობაში, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ხარისხის, ისე ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების კუთხით.

ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

სამი ჯგუფი, რომელთაც წინაშეც რეფორმის შედეგად, განათლების მისაღებად ბარიერები აღიმართა:

1. რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტები

განათლების ექსპერტის შეფასებით, რეგიონული უნივერსიტეტების როლი მკვეთრად შესუსტდა, რადგან იქ მისაღები ადგილების რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდა, ხოლო პროგრამული არჩევანი შეიზღუდა.

„ზუგდიდის, ახალციხის, თელავისა და გორის უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა ფაქტობრივად განახევრდა და პროგრამების არჩევანი აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა. ამ უნივერსიტეტებმა შეინარჩუნეს მხოლოდ მასწავლებელთა განათლების, აგრონომიის, სატყეო საქმის, ვეტერინარიის და მსგავსი პროგრამები - მხოლოდ აგრარული და განათლების მიმართულებით, ხოლო ისეთი მოთხოვნადი პროგრამები, როგორიცაა საჯარო მმართველობა, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, დღესდღეობით, იქ ხელმისაწვდომი აღარ არის. შესაბამისად, რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც, მაგალითად, სამართლის სწავლა უნდოდა, ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, შეიზღუდა. მათ სამართლის პროგრამაზე უნდა ისწავლონ ან თბილისში, ან ბათუმში, ან ქუთაისში. რეგიონში მცხოვრები ადამიანისთვის, მათ შორის უფასოდ ჩარიცხვის პირობებშიც კი, ეს სწავლა პრობლემატურია, რადგან მათ უნდა შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი, რაც ძვირ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნავს შალვა ტაბატაძე.

2. ეთნიკური უმცირესობები

მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ეთნიკური უმცირესობებია, რომლებიც აქამდე „1+4“ პროგრამითა და კვოტირების სისტემით სარგებლობდნენ.

„მეორე ჯგუფი, ვისთვისაც ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, არის ეთნიკური უმცირესობები - აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა და აბიტურიენტები, რომლებიც „1+4“ პროგრამით სარგებლობდნენ, ანუ კოტირების სისტემით ირიცხებოდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აქ ორი ტიპის პრობლემაა: ერთი ის, რომ ამჟამად ჩარიცხულთა ადგილების რაოდენობა, განსაკუთრებით აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებთან მიმართებით, თბილისის იმ უნივერსიტეტებში, რომლებშიც ისინი აბარებდნენ, შეზღუდული და შემცირებულია, რაც მათ წვდომას ამცირებს. ანალოგიური ვითარებაა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტშიც: თუ შარშან ამ პროგრამით 54 სომხურენოვანი აბიტურიენტი ირიცხებოდა, ახლა მხოლოდ 24 ჩაირიცხება და ხელმისაწვდომობა ამ თვალსაზრისითაც შეიზღუდება. მეორე პრობლემა კი, შარშან ჩარიცხულ ეთნიკურ უმცირესობებს ეხება. მათ ერთი წლის შემდგომ, ანუ წელს, უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამა, თუმცა ამ უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც მათ უნდა აერჩიათ, დღეს ფიზიკურად აღარ არსებობს. ამის ანალოგიური მაგალითი ილიას უნივერსიტეტშიც გვაქვს“, - განმარტა ექსპერტმა.

3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა

შალვა ტაბატაძის შეფასებით, ვინაიდან რეფორმამ არ შეცვალა მისაღები გამოცდების სისტემა, ის კვლავინდებურად ეყრდნობა რეპეტიტორთა ინსტიტუტს, რაც პირდაპირ კავშირშია ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

"მისაღები გამოცდების სისტემა გვაქვს დატოვებული იგივე, რომელიც ეფუძნება რეპეტიტორთა ინსტიტუტს. ხარისხიანი რეპეტიტორობა ხელმისაწვდომია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის. შესაბამისად, ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება უკეთესი რეპეტიტორის დაქირავების, მას ექნება მეტი შესაძლებლობა შესაბამის პროგრამებზე წვდომის“, - ამბობს ექსპერტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები