მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სამი წელი საკმაოდ გრძელი დროა, DRG გადახედვას და კორექტირებას საჭიროებს” - მაია მახარაშვილი

DRG

საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია მახარაშვილი, ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, სისტემის დანერგვიდან გასული სამი წელი საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ დაგროვილი გამოწვევების ანალიზი და ტარიფების კორექტირება მოხდეს.

მახარაშვილის განმარტებით, DRG სისტემა თავისი არსით დინამიკურია და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში მისი გადახედვა წელიწადში ერთხელაც კი ხდება.

ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი განსაკუთრებულ პრობლემად გადაუდებელი მომსახურების ტარიფებს ასახელებს. მისი თქმით, არსებული ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში არასამართლიანი და არაადეკვატურია, რაც კლინიკებისთვის დამატებით ბარიერებს ქმნის.

“სამი წელი საკმაოდ გრძელი დროა იმისთვის, რომ გაჩერებული იყოს და რა თქმა უნდა, მოითხოვს გადახედვას, სადაც საჭიროა დაკორექტირება. როცა საერთოდ DRG სისტემა ინერგება, დროთა განმავლობაში, ზოგიერთ ქვეყანაში წელიწადში წელიწადში ერთხელ ის უნდა გადაიხედოს. გასაგებია, რომ ეს სისტემა არსებობს, მაგრამ მერე ადაპტაცია ხდება. ნულიდან დაიწყო საქართველოში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გადასახედია.

გადაუდებელი მომსახურების ტარიფები, არის ცალსახად გადასახედი და ნამდვილად ბევრ შემთხვევაში არ არის სამართლიანი და ადეკვატური. რაც შეეხება კომბინირებულ დაფინანსებას, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მსხვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპლექსური შემთხვევები ისევ გადაუჭრელად რჩება. ამ კომპლექსური შემთხვევების ნაწილია კრიტიკული მედიცინა, რომელიც ასევე კიდევ დამატებით მუშაობას საჭიროებს. ამის მექანიზმები არსებობს და შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, სხვადასხვა ქვეყნებს რა გამოცდილება აქვთ და როგორ ახერხებენ ამ ნაწილის გადაფარვას”, - ამბობს საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები